მამუკა მდინარაძე - ქართული მხარე რუსეთის მიმართ სანქციებზე მიერთების შესახებ დეტალურად იმსჯელებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართული მხარე დეტალურად იმსჯელებს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე მიერთების თაობაზე.
პირველმა არხმა მამუკა მდინარაძეს დაუსვა კითხვა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გამართულ შეხვედრაზე დასმულ საკითხს შეეხებოდა.
„ჩვენი საუბრის ერთ-ერთი კომპონენტი ამას შეეხებოდა. პოროშენკოს მხრიდან გახმოვანებული იყო ასეთი თხოვნა. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტიორი ქვეყანაა და ქართული მხარე უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ყოველთვის გამოხატავდა. ამ შემთხვევაში, ჩვენი გადაწვეტილების მთავარი ხაზი ეს იქნება. სანქციებთან დაკავშირებით დეტალური მსჯელობა იქნება, ზოგადი პასუხის გაცემა არ შეიძლება, რადგან ბევრი დეტალია და ჩვენს პოზიციას გავახმოვანებთ. უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ყველა ლეგიტიმურ საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერა აქვს”, – განაცხადა მდინარაძემ.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას დაუკავშირდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის გაუმჯობესების სამუშაო და ქართულ მხარეს შეუძლია, მასში ჩაერთოს.
„ეს დაგვეხმარება უფრო მეტი ყურადღება მივიქციოთ და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ ვუბიძგოთ. ამას შესაძლოა, დაემატოს ქართული კომპონენტი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კუთხით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.