მამუკა მდინარაძე - ქაოსის მიზანზე გათვლილი გეგმა ვერ აღსრულდება, საზოგადოება მტყუანს და მართალს კარგად არჩევს
ქაოსის მიზანზე გათვლილი გეგმა ვერ აღსრულდება. რაც არ უნდა იძახონ, მართლები არიან, საზოგადოება მტყუანს და მართალს კარგად არჩევს. ბუნებრივია, ქაოსის მიზნისკენ ვერც მორალი, ვერც კანონი და ვერც სიმართლე ვერ იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ნიკა მელიამ შეგნებულად ყველაფერი გააკეთა, რომ ციხეში წასულიყო.
ამასთან, როგორც დეპუტატი აცხადებს, კანონი უნდა აღსრულდეს.
„თუ ვინმეს უნდა, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სტანდარტი, რომ პარლამენტში დანაშაულებრივი შეჭრა არის კანონიერი, მაგრამ თუ პარტიის ოფისში ბრალდებულ პირს, რომელიც გირაოს პირობებს განზრახ არღვევს და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადის, დააკავებენ, ეს არის დაუშვებელი, ეს სტანდარტი ვერ დამკვიდრდება. გულწრფელად გეტყვით, ადამიანის დაკავება არავის უხარია. როცა ადამიანი სახელმწიფოს იძულებულს ხდის, სახელმწიფოებრიობაზე იზრუნოს, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით პრინციპულია, რომ სახელმწიფო თავის ადგილზე იდგეს და კანონი აღსრულდეს. ნიკა მელიამ შეგნებულად ყველაფერი გააკეთა, რომ ციხეში წასულიყო. თუ ამ ყველაფერს პოლიტიკურად შევხედავთ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი პარტიის ფორმალური ლიდერი გაწირა ციხისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ციხეში მისი პირადი წაქეზებით მოხდა, დაუჯერა მას და გულზე ბევრი მჯიღი ირტყა, რომ ვერ დაიჭერდნენ, თუმცა კანონი და სამართალი აღსრულდა და მიხეილ სააკაშვილის გეგმა „ბე“ მოქმედებაში ვერ მოვიდა. ვხედავთ, რომ საზოგადოების რეაქცია არის განსხვავებული. ქაოსის მიზანზე გათვლილი გეგმა ვერ აღსრულდება. რაც არ უნდა იძახონ, მართლები არიან, საზოგადოება მტყუანს და მართალს კარგად არჩევს. ბუნებრივია, ქაოსის მიზნისკენ ვერც მორალი, ვერც კანონი და ვერც სიმართლე ვერ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.