მამუკა მდინარაძე - პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის ზღვარი თუ წაიშალა, ასეთი პრეცედენტები პირველ რიგში მათ დააზიანებს
პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის ზღვარი თუ წაიშალა, ასეთი პრეცედენტები ქვეყანამდე თქვენ დაგაზიანებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიუღებელია, როცა ოპერატორის გარდაცვალებას და ოჯახის ტრაგედიას პოლიტიკოსები ბინძურად იყენებენ.
„პროტესტის გამოხატვის უფლება ჟურნალისტს კი არა, ნებისმიერს აქვს, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი დაკავებულია პოლიტიკური აქტივობით, და ეს ზღვარი თუ წაიშალა, ასეთი პრეცედენტები ქვეყანამდე პირველ რიგში თქვენ დაგაზიანებთ. ამ ყველაფერს რა ამძიმებს? ამ ყველაფრის საფუძველი ამორალურია, როდესაც გარდაცვლილია ახალგაზრდა ადამიანი, თქვენი კოლეგა, ასპროცენტიანი არ შეგვიძლია, ვთქვათ გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ უკვე ყველა ვხვდებით და წინასწარ ისეთი ვერსიები დადეს, რომ შსს იძულებული გახადეს, სიმართლე ეთქვა. ამ სიმართლეზე უჯავრდებიან, ამუნათებენ, ეუბნებიან, როგორ გაბედე კადრის დადება. ასეთი ბინძური მეთოდებით იბრძვიან სიმართლის წინააღმდეგ. სიმართლე არ არის მათ მხარეს და როდესაც თქვენი კოლეგის გარდაცვალების და ოჯახის ტრაგედიას ასე ბინძურად იყენებენ, მით უმეტეს მიუღებელია, როდესაც ამორალური საფუძველი აქვს ამ ყველაფერს. დავანებოთ ამ საფუძველს თავი, მაგრამ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის ზღვარი იშლება, ასეთი პრეცედენტი პირველ რიგში ჩვენ არ უნდა დავუშვათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლიტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.
გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.