მამუკა მდინარაძე - პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ ოპოზიციის შეცდომების გამოსწორებას კანონების შეცვლით არ ვაპირებთ
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიები არ აღდგება, რადგან მმართველი გუნდი მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას კანონების შეცვლით არ აპირებს.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, კანონი იმისთვის არ უნდა შეიცვალოს, რომ ოპოზიციის სისულელეები „გაპრავდეს”.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სიები თავად ჩახსნეს და ახლა ამ შეცდომის გამოსწორებას მმართველ გუნდს სთხოვენ.
„თან გვამუნათებენ, როგორ შეიძლება, საარჩევნო სიებზე კანონი არ შეცვალოსო. როგორ შეიძლება, ჯერ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და შემდეგ ოპონენტ პარტიას ამუნათებდე და კანონის შეცვლას „ავალებდე”? – მათ არა მხოლოდ ეს შეცდომა დაუშვეს, არამედ სხვა გამოუსწორებელი შეცდომა და გვინდა, დავანახოთ, რომ ასეთ სისულეებს აკეთებენ, შემდეგ ისევ ჩვენთან მოდიან და გვეუბნებიან, სისულელე გავაკეთეთ, მოწყალება გაიღეთ და კანონი შეცვალეთო, ეს არგუმენტი არ არის. პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ მათი შეცდომების გამოსწორებას კანონების შეცვლით არ ვაპირებთ. კანონი იმისთვის არ უნდა შეიცვალოს, რომ მათი სისულელეები „გაპრავდეს”. კანონები იმისთვის უნდა შეიცვალოს, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეებზე იყოს მორგებული და არა მათი სისულელეების გამოსწორებაზე. არც მათი სისულელეების და არც გახარიას პარტიის ღალატის ჩამორეცხვას ჩვენი გადაწყვეტილებებით არ ვაპირებთ და ეს იქნება პრინციპული პოზიცია. გულწრფელად ვაღიარებ, რომ გარდა იმისა, რომ „ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის ნახევრის მხარდაჭერა აქვს, ძლიერდება იმით, რომ ოპოზიცია უხეშ შეცდომებს უშვებს და ამ შეცდომების გამოსასწორებლად პროვოკაციებსა და პოპულიზმზე მიდიან, რაც არ ჭრის და საზოგადოება არ ტყუვდება”, – განაცხადა მდინარაძემ.