მამუკა მდინარაძე - პრინციპების დონეზე, „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე ვერავის ვერაფერი ექნება საწინააღმდეგო, ვერც ვენეციის კომისია დაწერს, რომ გამჭვირვალობას არ ეთანხმება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს დაუჭერენ მხარს, თუმცა საბოლოო მხარდაჭერისთვის ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.
მდინარაძის თქმით, ახლაც მიაჩნია, რომ ამერიკული ვერსია ძალიან ხისტია.
„ჩვენი შეხვედრის მიზეზიც, მიზანიც და სამსჯელო თემაც იყო, ორივე ვარიანტი გადაგზავნილიყო თუ არა ვენეციის კომისიაში. მათ ამ წინადადებას დავეთანხმეთ. საერთო ინიციატივა გამოგვივიდა, მსჯელობაში წარმოიშვა ეს ამბავი. თავშივე თუ ვიტყვით, რომ ქართულ ვერსიას მხარს ვუჭერთ და ამერიკულს, რომელიც იქნა ნათარგმნი, მხარს არ დავუჭერთ, მაშინ ვენეციაში გადაგზავნას რა აზრი აქვს. ამიტომ იყო წინადადება, მოდი, ვიფიქროთ ამერიკული ვერსიის მხარდაჭერაზეც. პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე ორივეს დავუჭერთ მხარს, მაგრამ შემდეგ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის მიხედვით გავაგრძელებთ მსჯელობას მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მეც მიმაჩნია, რომ ამერიკული ვერსია არის ძალიან ხისტი, რიგ შემთხვევაში, მისი ზოგიერთი დათქმა და ნორმა უხეშად შედის ადამიანის უფლებებში, უხეშად, ძალიან მკაცრად არეგულირებს რიგ საკითხებს. ამიტომ დავაფიქსირეთ თავიდან, რომ ეს იყო ძალიან ხისტი და მხარს არ ვუჭერდით. მისი მხარდაჭერის დიდი განწყობა ახლაც არ მაქვს. ქართულ ვერსიაში მხოლოდ გამჭვირვალობა იყო, ამ გამჭირვალობის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ იყო ისეთი მკაცრი, როგორც ამერიკულში, მაგალითად, 5-წლიანი პატიმრობა რაღაცის არწარდგენისათვის. ახლაც მიმაჩნია, რომ ძალიან მკაცრია. მგონია, რომ ეს არ არის მისაღები, მაგრამ თუ ყველასთვის მისაღები იქნება, მათ შორის ვენეციის კომისია მხარს დაუჭერს, დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, მათ შორის ჯერ არ გაგვიგია ჩვენ ოპოზიციისგან არცერთი არგუმენტი ამერიკულთან დაკავშირებითაც. ზოგადად როგორც იციან, არქმევენ რუსულს ნებისმიერ რაღაცას, რაც არ მოსწონთ, ასე უაპელაციოდ და შინაარსში შეუსვლელად, რომელიმე ნორმასთან დაკავშირებით მათი კონკრეტული, სიღრმისეული მსჯელობა დღემდე არ მოგვისმენია.
რაც შეეხება პირველი მოსმენით რატომ ვუჭერთ მხარს, ტექნიკური შესწორებებიც უნდა შევიდეს გზადაგზა. მეორე შემთხვევაში არანაირი შესწორება, რადგან პირდაპირი თარგმანია და არ ვეხებით საერთოდ, მაგრამ პირველ, ქართულ ვერსიაში, ყველა დეტალზე ასე აპრიორი არ დაგვიქნევია თავი. იქ არის რამდენიმე დეტალი, რაზეც ვმსჯელობთ და ისინიც მოგვყვებიან ამ დეტალებზე. მათ შორის, არსებობს წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ ბენეფიციარებს შეეხებათ და უფრო მკაფიოდ უნდა იყოს რაღაცები ჩადებული, რომელიც გამორიცხავს სპეკულაციის სივრცეს. არცერთ ბენეფიციარს არ ეხება, ბენეფიციარს კი არა, არ ეხება, მათ შორის, არცერთ ფიზიკურ პირს. როგორც ჩანს, დღის წესრიგშია, რომ ეს საკითხი მკაფიო გახდეს. მარკერით ხომ არ გადავშლით და დავაწერთ ახალ რაღაცას, კომიტეტზე, სხდომაზე უნდა გავიდეს და ამ ნაწილში გარკვეული ცვლილებები უნდა იყოს შეტანილი, მაგრამ პრინციპებს რაც შეეხება, პრინციპების დონეზე ვერავის ვერაფერი ვერ უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგო. ვერც ვენეციის კომისია ვერ დაწერს, რომ გამჭვირვალობას არ ეთანხმება, ყველამ ვიცით, ეს არ არის ვენეციის კომისიის საქმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.