მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტს სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე მიმართვას ელოდებოდა, თუმცა ორი დღეა, ხელს არ აწერს, გეგმა ჩაუვარდათ
პრეზიდენტს სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ელოდებოდა მიმართვას, საბუთებს, თუმცა უკვე ორი დღეა გასული და ხელს არ აწერს, რაც გამაოგნებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ გეგმა ჩაუვარდათ.
„ზუსტად არ ვიცი, რა მოტივაცია აქვს, მაგრამ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი მიმართვის დაკმაყოფილებას აჭიანურებს, რადგან მითითებას ელოდება და ამას ვერ წყვეტს, როგორც სხვა საკითხებს. რეალური ვერსია არსებობს იმის შესახებ, რომ დუღილის ტემპერატურას, რომელსაც ვერ მიაღწიეს, დროის გაწელვით ჩამქრალ თემაში ცდილობენ, დაბალი, მაგრამ არსებული ტემპერატურა შეინარჩუნონ.
პრეზიდენტს სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, რომ ელოდებოდა მიმართვას, საბუთებს, თუმცა უკვე ორი დღეა გასული და ხელს არ აწერს, რაც გამაოგნებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ გეგმა ჩაუვარდათ და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ამ გეგმის ნაწილი იყო. ის მოქალაქეობის არშეწყვეტით ოპოზიციას დაბალ ტემპერატურას ანარჩუნებინებს. ალბათ იუსტიციის სამინისტროს მიმართვას არ ელოდებოდა, მოულოდნელი იყო და ახლა რაღაცნაირად ცდილობს, დრო გაახანგრძლივოს. ვინმეს რომ ეთქვა, იუსტიციის სამინისტრო მიმართავს და პრეზიდენტი ფარცხალაძეს მოქალაქეობას მყისიერად არ შეუწყვეტსო, ხომ არ წარმოიდგენდით? თურმე ესეც წარმოსადგენია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ გვერდზე 19 სექტემბერს დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს. ამასთან, 20 სექტემბერს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი დასკვნა გადაეგზავნა. აქამდე არ გავრცელებულა ინფორმაცია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე სალომე ზურაბიშვილმა შეუწყვიტა თუ არა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა.