მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა წელს პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველო კვლავ არ იმსახურებს სტატუსს, რომ რეკომენდაციებს ფორმალურად ვასრულებთ, ეს არის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დარტყმა
პრეზიდენტი როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის სხვა ქვეყანაში, ეს არის კონსტიტუციის უხეში, უპირობო დარღვევა და ითვალისწინებს იმპიჩმენტის წესის აღძვრას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის თქმით, შარშანდელი და წლევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რეკომენდაციები არის შესრულებული და, პრეზიდენტის თქმით, ის, რომ რეკომენდაციები ფორმალურად სრულდება, ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისთვის პირდაპირ დარტყმა.
„შარშან საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნდა, და მან ეს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ სწორად არ მოგვეცა კანდიდატის სტატუსი, მისი სიტყვებია, რომ ეს იყო გაფრთხილება ევროპის მხრიდან. ანუ, საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ეს მისი აზრია. წელს მან საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო კვლავ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მან თქვა, რომ ჩვენ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს. პრეზიდენტს მიაჩნია, როგორც შარშანდელი, ისე წლევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამ გზავნილის გამხმოვანებელი პრეზიდენტი რატომ არ გაუშვა საქართველოს მთავრობამ ან რატომ არ მიანიჭა თავისი უფლებამოსილება, მგონი, კითხვები არ არსებობს, მარტივი ამბავია. დანარჩენი ყველაფერი ამ ფაქტების მიღმა არის ცარიელი სპეკულაცია, საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება და საბოტაჟი.
როდესაც პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე მიდის სხვა ქვეყანაში, ეს არის კონსტიტუციის უხეში, უპირობო დარღვევა და ის ითვალისწინებს იმპიჩმენტის წესის აღძვრას. ეს გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას აზრი არ ჰქონდეს აღსრულებასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვიცით, რომ 100 ხმა არ მოგვიგროვდება. მეორეა მორალური, პოლიტიკური მხარე, როდესაც პრეზიდენტი სხვა აზრზეა. აყოლილია „ნაცმოძრაობის“, მათი პატრონების ნარატივს, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს. პოზიციონირებენ, მოგვეცით, ხალხს მიეცით, ხელისუფლება კი არ იმსახურებს, ცუდი ხელისუფლება აირჩია ხალხმა, მაგრამ იქნებ ხალხს მისცეთ. ამ დამაზიანებელი, ყოვლად გაუგონარი ნარატივით არ შეიძლება, ასეთი ადამიანი წარმოადგენდეს საქართველოს უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში. როდესაც შესრულებულია რეკომენდაციები და ის ამბობს, რომ ფორმალურად ვასრულებთ, ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისთვის პირდაპირ დარტყმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.