მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, პასუხისმგებლობას აიღებს სააკაშვილის 2003-2012 წლებში საქმიანობასა და მას შემდეგ ნაკეთებ მავნებლობებზე
პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, პასუხისმგებლობას აიღებს სააკაშვილის 2003-2012 წლებში საქმიანობასა და მას შემდეგ ნაკეთებ მავნებლობებზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი, ეს უპროგნოზო ამბავია.
„პრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება თანამზრახველობა და პასუხისმგებლობის აღებაა იმაზე, რაც მან 2003-2012 წლებში საქართველოში აკეთა და არამხოლოდ ამ წლებში. საქართველოს წინააღმდეგ მას შემდეგ რასაც აკეთებს, შეწყალება ამაზე პასუხისმგებლობის აღებაც იქნება. თუ სალომე ზურაბიშვილს ეს შეუძლია, მაშინ ალბათ შეიწყალებს კიდეც, მაგრამ მისგან გაკვირვებით აღარაფერი გაგვაკვირვებს. ქალს, პრეზიდენტს, ჩვენ მიერ და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილს, ამდენი დღეა გასული და ვერ წამოვაცდენინეთ – დღევანდელი მოცემულობით საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს? ახლა იმაზე ვიმარჩიელოთ, შეძლებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას? ეს უპროგნოზო ამბავია. ყოველ შემთხვევაში, მან უნდა იცოდეს, რომ ის გაიზიარებს და პასუხისმგებლობას აიღებს სააკაშვილის მიერ 2003-2012 წლებში საქმიანობაზე და მას შემდეგაც ნაკეთებ მავნებლობებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.