მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის უფლებამოსილება კონსტიტუციით არის განსაზღვრული, სამწუხაროა, რომ მთავრობას ამ კომპეტენციისა და მისი ჩარჩოების შესახებ მითითებები დასჭირდა
პრეზიდენტის უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობას ამ კომპეტენციისა და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები დასჭირდა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძე გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნაზე პრეზიდენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ოპონენტები „მძევლობას“ არქმევენ პრეზიდენტის კანონიერ ქმედებას.
„ფაქტია, რომ კონსტიტუციაში წერია ყველა თანამდებობის პირის უფლებამოსილების შესახებ და ეს ყველაფერი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილ კანდიდატს ხელი უნდა მოაწეროს და ასეც მოიქცა. ამ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტები პრეზიდენტის კანონიერ ქმედებას „მძევლობას“ არქმევენ, რაშიც არის მთავარი პრობლემა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც კი ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შევიდა, დაკმაყოფილებულია და პრეზიდენტის მხრიდან შეფერხება არ ყოფილა.