მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის გამოსვლისას დარბაზში დარჩენა „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთმა შტომ ვერ გაბედა
„ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთმა შტომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლისას დარბაზში დარჩენა და ტრიბუნასთან მისვლა ვერ გაბედა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – მათ უნდა გაეგრძელებინათ წინასაარჩევნო რიტორიკა, რომელიც დღეს რეალობას აბსოლუტურად აცდენილია.
„მათ უნდა გაეგრძელებინათ რეალობას აცდენილი რიტორიკა, რომლითაც წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილი ლამის, ამ ქვეყნის მტრად გამოაცხადეს. დღეს ეს რიტორიკა მართლაც ყველაფერს აცდენილია. ვნახეთ, როგორ წარმატებულად შეუდგა საქართველოს პრეზიდენტი საქმიანობას. ევროპულ ქვეყნებში ვიზიტები როგორი წარმატებით განახორციელა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ შტოების წინასაარჩევნო კამპანიის მესიჯები და დღევანდელი რეალობა ერთმანეთს აბსოლუტურად აცდენილია და დარბაზში დარჩენა ვერ გაბედეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე სხდომათა დარბაზი დატოვეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე სიძულვილისა და დაშინების კამპანიის შედეგად მოხვდა.
ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებმა გუშინ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.