მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას თუ ასრულებს ქვეყნის შიგნით, ასევე სჭირდება თანხმობა, პოლარიზაცია რომ არ გაღრმავებულიყო, აქამდე ლოიალური დამოკიდებულება იყო
პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას თუ ასრულებს ქვეყნის შიგნით, ასევე სჭირდება თანხმობა. პოლარიზაცია რომ არ გაღრმავებულიყო, აქამდე ლოიალური დამოკიდებულება იყო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეუძლებელია, ვინმემ იდავოს, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა კონსტიტუცია.
„დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, რომ შეუძლებელია, ვინმემ იმაზე იდავოს, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა კონსტიტუცია. თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს ისეთი საოცრებების ლაპარაკი მოუწიათ, რომ იურისპრუდენციაში ყველაზე ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანიც კი მიხვდება, რომ ასეთი გიჟური და უსუსური არგუმენტების ფონზე ყველაფერი ნათელი, გასაგებია. ახლა 52-ე მუხლი არის სადავო. ამ მუხლში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში. ამის შემდეგ მძიმე წერია, ხომ? ხომ არ გვეჩვენება? ტირე ან სხვა სასვენი ნიშანი ხომ არ წერია? როგორ შეუძლია, რომელიმე იურისტს ან ადამიანს, ვინც ქართული იცის, თქვას, რომ 52-ე მუხლი გრძელდება და ამაში იგულისხმება მოლაპარაკება, სხვა სახელმწიფოებთან ხელშეკრულებები და ასე შემდეგ. მეორე საოცრებაა, აქამდე 78-ე მუხლზე აპელირებდნენ და დღეს გაჩნდა 49-ე მუხლი. ამ მუხლს თავზე რა აწერია? „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი“ და სათაურში უფლებამოსილება ნახსენები არ არის. სტატუსი მის სტატუსს გამოხატავს და არა – უფლებამოსილებებს. ცდილობენ, სხვანაირად წაიკითხონ. საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური – ეს ისე რომ წაიკითხო, როგორც ისინი კითხულობენ, აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა დაემორჩილოს და მან უნდა მართოს ქვეყანა; მეორე პუნქტია, რომ უმაღლესი მთავარსარდალია. ანუ, მას თავდაცვა, ჯარი უნდა დაემორჩილოს. მათი აბსურდული ლოგიკით, თურმე საპრეზიდენტო მმართველობაში ვცხოვრობთ და ეს დღემდე არ გვცოდნია. ჩვენს კოლეგებს ამის საუბარი მოუწიათ. როცა ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს მხარში არ უდგას და არ აძლიერებს მას სწორი არგუმენტებით, რომ ქვეყანა სტატუსს იმსახურებს, ეს მეორე მხარეა. თურმე 49-ე მუხლით „მოქმედებდა“ და დღეს გაიგო? პოზიციები აბსოლუტურად აცდენილია.
კონსტიტუციის თანახმად, წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მთავრობის თანხმობა სჭირდება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. აქამდე მთავრობა ქვეყნის გარეთ ითხოვდა. მათმა პოზიციამ შეიძლება, ახალი პრაქტიკა მოგვცეს – პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას თუ ასრულებს ქვეყნის შიგნით, მას ასევე სჭირდება თანხმობა. როგორც ერთ იურისტს, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება მთავრობის თანხმობა. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციაში ასე წერია. აქამდე ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. ლოიალური დამოკიდებულება იყო, რომ პოლარიზაცია არ გაღრმავებულიყო.
ახლა შეიძლება, პრეცედენტი დავდოთ, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ ფორმას, მათ შორის არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ შიგნითაც, თანხმობა სჭირდება. როცა პრეზიდენტის მხრიდან ყოველგვარი ზღვარი, წითელი ხაზი, რუბიკონი გადაიკვეთა, მთავრობამ ამის შემდეგ იმოქმედა. ის წლების განმავლობაში ელჩების დანიშვნას პრობლემად ხდიდა და „ვატარებდით“. ვთქვით, მოდით, აღარ „გავატაროთ“. ეს კეთდება მაშინ, როცა მოთმინების ზღვარი წყდება და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები ზიანდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.