მამუკა მდინარაძე - პრემიერის ინიციატივას, რომ პარლამენტში შემოვა კანონპროექტი ფასებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო მხარდაჭერა ექნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას სურსათის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნულ პროექტს დეტალურ გაეცნობიან.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ პრემიერის ინიციატივას, რომ პარლამენტში შემოვა კანონპროექტი ფასებთან დაკავშირებით. მას მხარდაჭერა ექნება და დეტალურად გავივლით. შეუძლებელია, რომ საქართველოს პარლამენტი მთავრობის მხარდამხარ და კვალდაკვალ არ ზრუნავდეს მთავარ გამოწვევაზე. ქვეყანაში როდესაც არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, პარალელურად, მაღალი ინფლაციააა, ამ დროს მთავარი გამოწვევაა, ეკონომიკური ზრდა მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე. ამის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო მხარდაჭერა ექნება საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა მდინარაძემ.