მამუკა მდინარაძე - პრემიერის განცხადების ლოგიკა აბსოლუტურად გასაგებია
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გია გაჩეჩილაძის მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადების ლოგიკა აბსოლუტურად გასაგებია.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, რაიმე სახის დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ რაც მოისმინა, ზოგადი ხასიათის განცხადებებია.
“პრემიერის ლოგიკა აბსოლუტურად გასაგებია იქედან გამომდინარე, რომ როცა ადამიანი ასეთ მძიმე ბრალდებებს აყენებს, ამას მტკიცებულებები უნდა მოჰყვეს. თუ მტკიცებულებები იქნება, ამ შემთხვევაში, საქმე სამართლებრივ სივრცეში გადადის. საბედნიეროდ, საქართველოში ისეთი გამოძიება არსებობს, რომელსაც სიმართლის დადგენა შეუძლია. თუ ეს სამართლებრივი დავა იქნება, სამართლებრივი დავის შედეგებს უნდა დაველოდოთ, ხოლო თუ ზოგადი განცხადებები, მაშინ მტკიცებულების მოყოლების ვალდებულება იმ მხარეს აქვს, რომელიც კონკრეტული პირების მიმართ მძიმე ბრალდებებს აჟღერებს”, – განაცხადა მდინარაძემ.
„უცნობმა“, გია გაჩეჩილაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს.