მამუკა მდინარაძე - პრეცედენტის დაშვება, რომ გუნდთან შეუთანხმებლად და პროცედურების დარღვევით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება, რასაც არ უნდა უკავშირდებოდეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება იმგვარი პრეცედენტის დაშვება, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა მოხდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პროცედურების დარღვევით და გუნდთან შეუთანხმებლად მიიღეს.
„არც ერთი იურისტი, რომელიც სუბიექტურად არ ფიქრობს ამ თემაზე, არ დავობს, რომ ჩანაწერი მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობაზე არ ეხება პირველი მოადგილის საკითხს. ეს არის იურიდიული ნონსენსი. მეორე, ვერავინ უარყოფს და არ არსებობს გუნდში ერთი წევრიც, რომელიც იტყვის, რომ ეს საკითხი იყო შეთანხმებული გუნდის სხვა წევრებთან. არც ერთ წევრთან, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც მხარი დაუჭირა იმ გადაწყვეტილებას კომიტეტზე, შეთანხმებული არ ყოფილა. მეასეხარისხოვანი ხდება, რის გამო იყო, როგორ იყო, რა მოტივები ამოძრავებდათ კონკრეტულ ადამიანებს, თუმცა ამ მოტივებთან დაკავშირებითაც მინდა, გითხრათ, რომ პრეცედენტების დაშვება – პირველი, გუნდთან შეუთანხმებლად, მეორე – პროცედურების დარღვევით არ შეიძლება, რასაც არ უნდა უკავშირდებოდეს, ნებისმიერ ადამიანს, პარლამენტის წევრს, პარლამენტის თანამდებობის პირს თუ ა.შ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკითხი სრულიად არ არის დაკავშირებული იურიდიული კომიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან.
„ის საკითხი არის აბსოლუტურად ცალკე საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფორსირებულ რეჟიმში, დაჩქარებულ რეჟიმში არ მომხდარიყო საკითხის განხილვა. წერტილი. აი აქ დამთავრდა ეს საკითხი და შემდეგ გაგრძელდა ის, რაც გაგრძელდა“, – აღნიშნა მამმუკა მდინარაძემ.
ლევან გოგიჩაიშვილის რეპლიკაზე, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევისას პროცედურები არ დარღვეულა და ამის თქმა თავის მოტყუებაა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა თემის ერთმანეთთან ხელოვნურად მიბმა არ შეიძლება. მისივე თქმით, უმჯობესია, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა გუნდის შიგნით გაიმართოს.
„აქ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც თემა უნდა მიეკეროს თუ არა მეორე თემას. არგუმენტები და ემოციები ვნახეთ. არგუმენტებით იმ თემას, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ ეკერება. თუ ემოციები გნებავთ და მაინდამაინც პირადად ჩემი, რადგან მე შეგეპასუხეთ, თუ დამოკიდებულება და ემოციები გაინტერესებთ, მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც იმის გამო, რომ თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს შევეწინააღმდეგე, პატიმრობა შემიფარდეს მუხლზე, რომელზეც კანონი არ ითვალისწინებდა პატიმრობას. ამიტომ რაღაცებს ვერავინ დამაბრალებს ადვილად. მეორე, გთხოვთ, მართლა მოგიწოდებთ გულწრფელად, რომ საზოგადოება არ შევიყვანოთ შეცდომაში, რბილად რომ ვთქვათ და რაღაცა თემა, რომელიც არ იყო დაკავშირებული მეორე თემასთან, ძალით ჩვენ თვითონ არ მივაკეროთ ერთი გუნდის წევრებმა მით უმეტეს. თუ გნებავთ, ვიმსჯელოთ ამაზე შიგნით, ეკერება ეს თემა მეორე თემას თუ არ ეკერება, არის დაკავშირებული რეალურად თუ არ არის და მერე გავაკეთოთ ასეთი განცხადებები. ძალიან გთხოვთ, როგორც გუნდის წევრს. გასაგებია მოტივაცია. გასაგებია კონკრეტულ შემთხვევაში სუბიექტური მოტივაციაც. მესმის, თქვენ იყავით თანამონაწილე იმ გადაწყვეტილების, რომელიც ჩემი აზრით და იურისტების აზრით, იყო პროცედურის დარღვევით, ამავე დროს გუნდთან შეუთანხმებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ლევან გოგიჩაიშვილი. მისი თქმით, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მხარდაჭერა ერთგვარი წყალგამყოფია. ლევან გოგიჩაიშვილის საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე განსხვავებული მოსაზრებებია და უმჯობესია, გუნდში მსჯელობა გაიმართოს.
„გამოდის, რომ სამი კაცის გარდა, ვინც დღევანდელი გადაწყვეტილება მიიღო ფრაქციაში, ყველა არის ერთ აზრზე. ფაქტის საწინააღმდეგოა ეს მოცემულობაც, რადგან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს. იცით, ზოგი ფიქრობს სხვანაირად, ზოგი სხვანაირად და განსხვავებული მოსაზრებებია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ და დიდი დრო გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ე.ი სამი კაცი ფიქრობს ასე, წყალგამყოფი გაივლო და დანარჩენი ფიქრობს სხვანაირად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.