მამუკა მდინარაძე - პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს მოქალაქეს მტკიცებულებების გარეშე სანქცია დაეკისროს ქვეყნის შიგნითაც, ეროვნული ბანკი იქნება თუ სხვა უწყება, ჯერ უნდა მოითხოვოს მტკიცებულებები
ეროვნული ბანკი იქნება თუ სხვა უწყება, ჯერ უნდა მოითხოვოს საქართველოს სახელმწიფოში თავისი მოქალაქის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები და ამის შემდეგ გადაწყვიტოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნასთან გათანაბრებული პირობების დაწესება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად საკმარისი ინფორმაცია გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ასევე რამდენად სწორი იყო ეროვნული ბანკის მიერ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საერთაშორისო სანქციების გაზიარება და ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა, რაზეც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არ შეიძლება პრეცედენტის დაშვება, რომ საქართველოს მოქალაქეს მტკიცებულებების გარეშე სანქცია დაეკისროს ქვეყნის შიგნითაც.
„პირველი, ხვალ რომ თქვენ, საქართველოს მოქალაქე ვიღაცამ დაგასანქციროთ, ჩვენ, პირველ რიგში, ამ საკითხის კანონიერება უნდა მოვითხოვოთ თუ არა, ვინც არ უნდა იყოს – ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს? საქართველოს მოქალაქე არა ოთარ ფარცხალაძე, არამედ ვიღაც უსასტიკეს დანაშაულზეც რომ იყოს მსჯავრდებული, საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით სხვა სახის სანქციები, რეგულაციები რომ დააწესოს სხვა ქვეყანამ, საქართველოს სახელმწიფოს აქვს თუ არა ვალდებულება, რომ მოითხოვოს მტკიცებულებები, რის საფუძველზე მოხდა ეს დასანქცირება? ხომ ასეა? ახლა, კონკრეტულ შემთხვევაში, ამის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასაგებია, ეს პარტნიორებს შორის უამრავი ხელშეკრულებით შეიძლება იყოს გათვალისწინებული და საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ სანქციებს ვუერთდებით იმ ნაწილში, რომ საქართველო ვერ გახდება, ერთი მხრივ, გვერდის ავლის საფუძველი და თუ ასეთ ფინანსურ სფეროში დაკავშირებული სანქციებია, ამ სანქციების გატარებას უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ როდესაც საქართველოს მოქალაქეს შეეხო, ეს პირველი შემთხვევაა. მოსამართლეების შემთხვევა აბსოლუტურად ხელოვნურად იყო შეფასებული სანქციების დაწესებად, რადგან იქ სავიზო შეზღუდვა იყო. შესაბამისად, პირველი შემთხვევაა საქართველოს მოქალაქეზე. ჩვენ პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაეკისროს ქვეყნის შიგნითაც მტკიცებულებების გარეშე, ამიტომ კონსტიტუციას ასე ხელაღებით არ უნდა ვარღვევდეთ. ეროვნული ბანკი იქნება თუ სხვა უწყება, ჯერ უნდა მოითხოვოს საქართველოს სახელმწიფოში თავისი მოქალაქის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები და ამის შემდეგ გადაწყვიტოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნასთან გათანაბრებული პირობების დაწესება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ფარცხალაძის დასანქცირების საფუძვლად წარმოდგენილი ორი ბრალდებიდან ერთი ცალსახად არ შეესაბამება სიმართლეს და გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს მეორე ბრალდების უაპელაციოდ დაჯერება.
„ახლა რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, ოთარ ფარცხალაძე დაადანაშაულეს, როდესაც სანქცია დაადეს, ორ რამეში – გავიგეთ ორი რამ. პირველი, თითქოს ის არის „ფეესბეს“ აგენტი; და მეორე, თითქოს მას ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ჰქონდა გავლენა. მეორე მართალია? რომელიმე დამიდასტურებთ? აი, ვიმსჯელოთ, მეორე, რომ ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკოსებზე ოთარ ფარცხალაძეს გავლენები ჰქონდა, ეს შეიძლება მართალი იყის? და თუ ასეთივე სიმართლეა პირველი? თუ მე აპრიორში ვიცი, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომ არანაირი გავლენა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებაზე არც უცდია და არც ჰქონია, მეორე თუ ვიცი, რომ ტყუილია, პირველს უაპელაციოდ ვიჯერებ? ანუ, თან რა მძიმე ბრალდებაა ხომ „ფეესბეს“ აგენტობა. კაცს აბრალებენ, რომ „ფეესბეს“ აგენტია. მტკიცებულებები არაა, რატომ ითხოვთო, გვამუნათებენ ჩვენი ოპონენტები და პირველი ნამდვილად რომ ვიცით, არც მცდელობა ყოფილა, გამოვიდა, ვინმეს მიადგა და რაღაცა ზეგავლენა სცადა, ერთ ადამიანს მაინც. ანუ, ერთი ამ ორიდან, ვიცით, რომ არასწორია და მეორე ინფორმაცია უაპელაციოდ დაიჯერეთო, გვეუბნებიან. ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო იქნება თუ ვინც იქნება, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესთან დაკავშირებით დავაყენებთ საკითხს, რომ რაღაც ფორმატი უნდა არსებობდეს, ან საჯაროობა, ან, დავუშვათ, დახურული, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს, სამართალდამცველებს მიაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია, რომ ეს კონკრეტული მტკიცებულება არსებობს, რის საფუძველზეც მე ეს დასკვნა გამოვიტანე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფოს მიერ თავის მოქალაქეზე ასე უბრალოდ გაზიარებული ვერ იქნება მოცემულობა. ბუნებრივია, ეს პრეცედენტი დააზიანებს საქართველოს კონსტიტუციის დაცვას თავისი მოქალაქის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.