მამუკა მდინარაძე - პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, მით უმეტეს, ტენდენციურის, პრეზიდენტის სტატუსს არ შეესაბამება, როგორც ჩანს, მას გარკვეული როლი აქვს
მამუკა მდინარაძე - პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, მით უმეტეს, ტენდენციურის, პრეზიდენტის სტატუსს არ შეესაბამება, როგორც ჩანს, მას გარკვეული როლი აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლიტიკურ პლატფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება მის ფორმალურ სტატუსთან შეუსაბამოა.

მდინარაძის თქმით, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს გარკვეული როლი აქვს. მამუკა მდინარაძემ სამ ვერსიაზე ისაუბრა.

„ჯერ ერთი, მის კონსტიტუციურ, ფორმალურ სტატუსთან დაკავშირებით ეს შეთავაზება ანტიკონსტიტუციურია. პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, მით უმეტეს, ტენდენციურის, პრეზიდენტის სტატუსს რომ არ შეესატყვისება, არ შეესაბამება, მარტივი ამბავია; მეორე – შალვას ფანჩატურის ევრორემონტს და სალომეს ფანჩატურად გადაქცევას სთავაზობს ასევე ოპოზიციის რადიკალურ ფრთას; მესამე – როგორც ჩანს, მას აქვს გარკვეული როლი, რომელიც ორ, სამ ვერსიად შეიძლება დაკონვერტირდეს. ერთი, ან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და თავისი პოლიტიკური აქტუალიზაცია საერთოდ გააქროს, ეს როლი შეიძლება შეითავსოს და ამ შემთხვევაში სხვას ვერაფერს მოახერხებს; მეორე, არ შეიწყალოს სააკაშვილი, თავისთან შექმნას რაღაც პოლიტიკური ცენტრი და მიიღოს არჩევნებში მოანაწილეობა; მესამე ვერსია, რაც იკვეთება მის გამოსვლაში, არის, რომ არ გადადგეს წინასწარ, შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოზიცია და ამ პოზიციიდან განახორციელოს დარტყმა რადიკალური ოპოზიციის წარმოდგენებიდან და გეგმებიდან გამომდინარე. ვნახოთ, რომელ ვერსიას მიჰყვება და რომელ დავალებას შეასრულებს, ამას მომავალი გვაჩვენებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის““.