მამუკა მდინარაძე - პირველკურსელ იურისტსაც არ შეეშლება, რომ ახალი ინსტიტუტი, მათ შორის ანტიკორუფციული ბიურო, ხელისუფლების რომელიღაც შტოში უნდა მოექცეს
ახალი ინსტიტუტი რომ იქმნება, რომელიღაც შტოში უნდა მოექცეს. თუ ვთანხმდებით, რომ კონსტიტუციის ფარგლებში არსებობდეს ბიურო, მაშინ რომელიმე შტოს ქვეშ უნდა იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ანტიკორუფციულ საქმიანობაზე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნება.
მამუკა მდინარაძის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნაც გამჭვირვალე პროცესით უნდა მოხდეს.
„არათუ პარლამენტარს, არამედ პირველკურსელ იურისტსაც არ შეეშლება, რომ არსებობს ხელისუფლების სამი შტო და ახალი ინსტიტუტი რომ იქმნება, რომელიღაც შტოში უნდა მოექცეს, თუ ეს სხვანაირად არ არის დარეგულირებული. მაშინ, თავის თავს დაუსვან კითხვა – რომელ შტოს უნდა წარმოადგენდეს ან კონსტიტუციით ცალკეა განსაზღვრული, რომ ანტიკორუფციული ბიურო იყოს? თუ ვთანხმდებით, რომ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იყოს ბიურო, მაშინ რომელიმე შტოს ქვეშ უნდა იყოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, ხელმძღვანელის უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ დანიშვნით. პარლამენტარს და პოლიტიკოსს არაკონსტიტუციურობის მოთხოვნა რამდენად ეპატიება, საზოგადოებამ განსაზღვროს. ჩვენ შესასრულებელი გვაქვს რეკომენდაციები, სადაც კონკრეტული პუნქტებია გაწერილი და ამას ზედმიწევნით ვასრულებთ. დამატებით ანტიკონსტიტუციური არგუმენტები არ უნდა წარმოადგინონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.