მამუკა მდინარაძე - პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ კობა გვენეტაძის არგუმენტებს, არ დავაზიანოთ მთავარი და მხოლოდ პოლიტიკურ ქულებზე არ ვიფიქროთ
პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ არგუმენტებს, რომლებიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარმოადგინა, არ დავაზიანოთ მთავარი და არ ვიფიქროთ მხოლოდ პოლიტიკურ ქულებსა და ინტერესებზე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომლის დღის წესრიგში გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება საბანკო რეგულაციებთან და ასევე „თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით.
მდინარაძის თქმით, კობა გვენეტაძემ ნათლად განმარტა არგუმენტები, თუ რატომ უნდა გადაიდოს პირველი საკითხის და ასევე, რატომ არ უნდა შედგეს მეორე საკითხის განხილვა.
„ირონია არ არის საჭირო და არც გაბრაზებული დამოკიდებულება, თუმცა მოდით გავამარტივოთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი არგუმენტებში არ დაიკარგოს. ადამიანმა, რომელიც წარსდგა პარლამენტის წინაშე თქვა ორი რამ: რეგულაციებთან დაკავშირებით მინიმუმ ერთი კვარტალი მაინც უნდა იყოს გასული, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და მსჯელობა რეალური იყოს და არა, მხოლოდ მსჯელობა მსჯელობისთვის. ეს მარტივია. მეორე – იმ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენმა კოლეგებმა მოიწვიეს კობა გვენეტაძე პარლამენტში, არ არსებობს მსოფლიოში პრაქტიკა, როდესაც რეგულატორი და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი, კერძო პირები ან მისი წარმომადგენლები ერთად, ღია ფორმატში განიხილავენ მსგავს საქმეებს, მათ შორის საკომიტეტო ფორმატში“, – განაცხადა ფრაქციის ხელმძღვანელმა.
დეპუტატის თქმით, არ არსებობს მსგავსი პრაქტიკა, რადგან დამაზიანებელია ფინანსური სექტორისთვის, ასევე დამაზიანებელია ეროვნული ბანკისთვის, არ შეესაბამება კონფიდენციალობისა და იმ პრინციპებს, რითაც რეგულატორი ხელმძღვანელობს.
„აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია იმის გაგება და აღქმა, რომ ასეთი ფორმატი არის დამაზიანებელი, უნდა ვიფიქროთ სხვა ფორმატზე. პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ არგუმენტებს, არ დავაზიანოთ მთავარი და არ ვიფიქროთ მხოლოდ პოლიტიკურ ქულებსა და ინტერესებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საკითხზე საჯარო მოსმენას, ასევე ეროვნული ბანკისგან კითხვებზე პასუხს საპარლამენტო ოპოზიციის წევრები მოითხოვენ. კომიტეტის სხდომის დაწყებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რატომ არ მიაჩნია მიზანშეწონილად „თიბისი ბანკის“ საკითხის პარლამენტში განხილვა.