მამუკა მდინარაძე - პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებებში სპეკულაციისთვის სივრცე არ არის, ოპოზიური პარტიები მათ განცხადებებს ვერ ფუთავენ ისე, როგორც აწყობთ
მამუკა მდინარაძე - პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებებში სპეკულაციისთვის სივრცე არ არის, ოპოზიური პარტიები მათ განცხადებებს ვერ ფუთავენ ისე, როგორც აწყობთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მოვლენების რადიკალიზაციის მცდელობისთანავე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყველას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებდნენ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ყველა ფრთა ამ მოწოდებას არ ითვალისწინებდა. თუმცა, მდინარაძე ამბობს, რომ დღეს შედარებით განსხვავებული პოზიცია იხილეს.

„პირველივე დღიდან, როცა ოპოზიციამ სცადა მოვლენების რადიკალიზაცია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ ყველას და ჩვენც, რომ კონსტრუქციული დიალოგი იყოს, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდეთ და სამართლებრივ რეჟიმში გადავიდნენ. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ყველა ფრთა ამ მოწოდებას არ ითვალისწინებდა. დღეს შედარებით განსხვავებული პოზიცია ვნახეთ. გაერკვიონ ერთმანეთში, რა უნდათ, ირჩევენ რადიკალიზაციის გზას, თუ დიალოგს.

პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებებში სპეკულაციისა და ინტერპრეტაციისთვის სივრცე არ არის და ოპოზიური პარტიები მათ განცხადებებს ისე ვერ ფუთავენ, როგორც აწყობთ. თავიანთი რადიკალური ქმედებებით ყველაფერს ემიჯნებიან. ვნახეთ, რომ წინა დღეების განმავლობაში მათი პოზიციები არ გამომდინარეობდა რეალობიდან. მაგალითად, პოზიციები შეცვალეს, როგორც კი დაიწყო საარჩევნო უბნების გადათვლა. ხმების გადათვლის მოთხოვნას ყველაზე რადიკალურად აყენებდნენ. როგორც კი ხმების გადათვლა დაიწყო, პოზიცია შეცვალეს და მათი მესიჯები ზოგადი გახდა. 39 საარჩევნო უბანი გადათვლილია და არათუ გაყალბების ნიშნები, არამედ სერიოზული დარღვევაც კი არ აღმოჩნდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.