მამუკა მდინარაძე - პარტია და მისი საპარლამენტო შემადგენლობის ნახევარი როცა უარს ამბობს ბოიკოტის რეჟიმზეც კი, პარტია არ დაუფინანსდებათ, სადამსჯელო ღონისძიებებზე სპეკულაციურად საუბრობენ
ოპოზიციას სურს, პარტიების დაფინანსებას კანონი იმგვარად არეგულირებდეს, რომ შეეძლოთ, ბოიკოტიც კი არ გამოაცხადონ, პარლამენტში არ იარონ, მათზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულონ და ისე მიიღონ პარტიის დაფინანსება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როცა პარტია და მისი საპარლამენტო შემადგენლობის ნახევარი უარს ამბობს ბოიკოტის რეჟიმზეც კი, ამ შემთხვევაში, მათ პარტია არ დაუფინანსდებათ.
„ეს ოდნავ უტრირებულად ნიშნავს, რომ მაგალითად, რომელიღაც თქვენგანმა თქვას, ხელფასი უნდა მომცეთ, მიუხედავად იმისა, ვივლი თუ არა სამსახურშიო. როცა პარტია და მისი საპარლამენტო შემადგენლობის ნახევარი უარს ამბობს ბოიკოტის რეჟიმზეც კი, ამ შემთხვევაში, მათ არ დაუფინანსდებათ პარტია. სადამსჯელო ღონისძიებებზე სპეკულაციურად საუბრობენ და დიდი ხანია, ეს ნორმა პარლამენტის რეგლამენტშია, რომ თუ დეპუტატი სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს, ხელფასს ვერ მიიღებს. ეს სადამსჯელო ღონისძიებად შეფასება არავის მოუფიქრებია, რადგან ეს სწორია. ასევე, სწორია პარტიების დაფინანსებაზე ჩვენი პროექტიც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.