მამუკა მდინარაძე - შს მინისტრს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ
შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნებისმიერ დეპუტატს ექნება საშუალება, კითხვებზე პასუხი უშუალოდ მინისტრისგან მოისმინოს.
„ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს შინაგან საქმეთა მინისტრთან. მას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი და მზად არის, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტის წევრებს. ვგეგმავთ, პარლამენტში ჩავატაროთ იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. მოვიწვევთ შინაგან საქმეთა მინისტრს. ნებისმიერ დეპუტატს, უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენელს, საშუალება ექნება, უშუალოდ მინისტრისგან მოისმინოს პასუხები მათ მიერ ჩატარებული ღონისძიების ნებისმიერ დეტალთან დაკავშირებით”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძეს არ დაკონკრეტებია, როდის გაიმართება კომიტეტების სხდომა.