მამუკა მდინარაძე - პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ბუტაფორია იყო მათი პარლამენტი, დღეს კი საკანონმდებლო ორგანო საქმეს აკეთებს
მმართველი გუნდის წარმომადგენელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ პარლამენტის პიკეტირების მცდელობა იყო, რაც დანაშაულია და პოლიცია დანაშაულის პრევენციას ახდენდა.
ამასთან, როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საკუთარი განცხადებით დაადასტურა, რომ „მათი პარლამენტი რეალურად ბუტაფორია იყო, დღეს კი საკანონმდებლო ორგანო საქმეს აკეთებს“.
„გუშინ, პირდაპირ ეთერში, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელიც არის დღეს ბოკერიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, განაცხადა, რომ ჩვენ ოთხი თვის განმავლობაში არ შევსულვართ პარლამენტში, მერე რა მოხდაო. ამით მან, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ რეალურად, ბუტაფორია იყო მათი პარლამენტი და რეალურად შეუძლებელია მუშაობა ამ პირობებში, როდესაც პარლამენტში შეიძლება, ოთხი თვე ვერ შეხვიდე. მისივე ნათქვამით დადასტურდა, რომ თურმე პარლამენტი საერთოდ არაფერს აკეთებდა და დღეს პარლამენტი მუშაობს, აკეთებს თავის საქმეს“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აქვე დასძინა, რომ სახელმწიფო ვერ დაუშვებს, პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს.
„რაც არ უნდა პარტიული ტელევიზიის წარმომადგენლები ეზოში დაგვხვდნენ და აპოკალიფსის სურათი დახატონ, ცივილიზებული ფორმებით ჩაწერაზეც კი უარი განაცხადონ, პარლამენტმა უნდა გააგრძელოს მუშაობა. პარლამენტის მუშაობის შეფერხება ნიშნავს, რომ სახელმწიფოში ერთი სერიოზული რგოლი უნდა მოირღვეს. ამის დაშვების უფლება არ აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფო ვალდებულია, ეს ყველაფერი აღკვეთოს. ამ ვალდებულების ფარგლებში იქცევა სახელმწიფო. თუ გაინტერესებთ, ქმნის თუ არა უხერხულობას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის უხერხულობას, მაგრამ კიდევ უფრო უხერხული და ცუდი საყურებელია, კმარას გაცვეთილი მეთოდებით, როგორ მოქმედებენ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა აქტივისტები და მათი ლიდერები, როგორ ცდილობენ, შექმნან ქაოსი, ვინაიდან შეხედეს, რომ არიან განწირეულები დამარცხებისთვის მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, გადაწყვიტეს, კონკრეტული მიზეზით გადაიტანონ პროცესები ქუჩაში“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.