მამუკა მდინარაძე - სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე შეუთანხმებლად აღმოჩნდა, ასამბლეის სხდომა პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია საქართველოს პარლამენტში აღარ გაგრძელდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში შეუთანხმებლად აღმოჩნდა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე და მან ეს სხდომა წაიყვანა, გაბედა პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო გუნდის პოზიციისგან შეუთანხმებლად და განსხვავებით, საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მან ასამბლეის წევრებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სხდომა ხვალ სხვა სივრცეში გაგრძელდება.
„ხვალ გაგრძელდება სხვა სივრცეში სხდომა, ნებისმიერი სასტუმრო იქნება თუ სხვა, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს და მათი პარლამენტის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად განაგრძონ ასამბლეის ფარგლებში მუშაობა, მაგრამ საქართველოს პარლამენტში მსგავსი შეცდომა აღარ, ვეღარ დაიშვება და ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ სერგეი გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს.