მამუკა მდინარაძე - პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს
პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამის და ადეკვატურ ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხდა.
მისი თქმით, ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა კანონის ფარგლებში.
„ხელისუფლების გეგმა არის ის, რაც ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, უნდა აღსრულდეს კანონი. თუ ვინმე არ დაარღვევს კანონს, მას უნდა მიეცეს პროტესტის გამოხატვის თავისუფალი შესაძლებლობა, სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც არასდროს, უზრუნველყოფილია. თუ ვინმე მოახდენს, მაგალითად პარლამენტის ბლოკირებას, შესაბამისი და ადეკვატური ზომები იქნება სახელმწიფოს მიერ მიღებული. თუ დაარღვევენ კანონს ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, სამართალდამცავები იმოქმედებენ ადეკვატურად. ჩვენ წინა შემთხვევაშიც მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით. ადამიანების ჯანმრთელობასაც, მათ შორის, ადამიანების გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად გავუფრთხილდეთ. ეს არის ჩვენი ვალი და ჰუმანურობის პრინციპიდან უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია, არ დაუშვას სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ხვალაც გახდეს საჭირო სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენება, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ კანონის შესაბამისად.
„საქართველოს პარლამენტს და მის წევრებს უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავებიც იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, ჰუმანურობის სრული დაცვით. მე არ ვსაუბრობ სპეციალურ საშუალებებზე, ზომების განსაზღვრას არ ვახდენ. ეს არ არის ჩემი საქმე, რა ზომა, რა ფორმით, სპეცრაზმი იქნება, პოლიციელი, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი თუ საუბნო სამსახურის წარმომადგენელი, ეს ჩემი საქმე არ არის. ეს არ არის ჩემთან კითხვა. მე შემიძლია, ვისაუბრო მხოლოდ ვალდებულების შესახებ, რომ უკანონობა უნდა აღკვეთოს სამართალდამცავმა, მაგრამ ამავე დროს, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ მაქსიმალური სიფრთხილით გააკეთონ ეს. ყველა შემთხვევაში, როდესაც საჭიროება იქნება, რომ გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას, გავუფრთხილდეთ მათი გამოხატვის უფლებას და არავის არ უნდა შეეზღუდოს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტთან საპროტესტო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას ამაღამვე გეგმავენ.
ხვალ პარლამენტის პლენარული სხდომაა დაგეგმილი.