მამუკა მდინარაძე - პარალელური დათვლისას მცირე ცდომილება იყო მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შედეგებთან
პარალელური დათვლისას მცირე ცდომილება იყო მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შედეგებთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ბევრი, ჩვენ მივმართეთ „სამართლიან არჩევნებს“, რომ ჩვენთვის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინათ მათ მიერ გადათვლილ 1 500 უბანზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩვენ მივმართეთ „სამართლიან არჩევნებს“ რომ ჩვენთვის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინათ მათ მიერ გადათვლილ 1 500 უბანზე, რომელთან დადარების შედეგადაც კიდევ უფრო დეტალურად გავერკვეოდით რაშია საქმე, რამ გამოიწვია თუნდაც ის მცირე სხვაობა. თუ ისინი იტყვიან, რომ გათვალისწინებული იყო ბათილი ბიულეტენებიც, გამოდის, რომ არც ერთ პარტიას არც ერთი პროცენტი და არც ერთი ხმა არ დაკლებია და ეს მოხდა „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმ პარტიების ხარჯზე, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. ეს რამდენად სერიოზულია, ალბათ, ამაზე საზოგადოება თავის დასკვნას გამოიტანს. ეს ნახევრად ირონიით, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მათგან საბოლოო დასკვნის გამოტანისთვის იმ უბნების ჩამონათვალი გვჭირდება, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ. თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს არგუმენტი აღარ დარჩა“, – განაცხადა მდინარაძემ.