მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებისგან ვნახეთ დემარში ევრორეკომენდაციის წინააღმდეგ, ერთმანეთს უმოწმებდნენ, რომელიმე მათგანი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხმას ხომ არ აძლევდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევრორეკომენდაციის წინააღმდეგ იმოქმედეს.
მისი თქმით, კენჭისყრისას ოპოზიციონერი დეპუტატები კოლეგებს უმოწმებდნენ, რომელიმე მათგანი კანდიდატებს ხმას ხომ არ აძლევდა.
„რეგლამენტის უცოდინრობა მათი მხრიდან ახალი ამბავი არ არის, მაგრამ დღეს ვნახეთ გალაშქრება, დემარში ევრორეკომენდაციის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, რა დონეზე არიან მისული, ერთმანეთს უხტებოდნენ პულტებით, ეჩხუბებოდნენ და უმოწმებდნენ, ხმას ხომ არ აძლევდა რომელიმე მათგანი. ამით იყვნენ დაკავებული კენჭისყრის დროს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ბუნება, ეს არის დავალების მიმღების ბუნება, როგორც კი რაღაც არ უნდა გაკეთდეს. ევრორეკომენდაციის შესრულებისას ცალკე ოპოზიციასთან გვიწევს ჭიდაობა და ცალკე – ევრორეკომენდაციების შესრულება. ეს ხალხი თავს ასაღებს პროდასავლელად. სამწუხაროდ, კიდევ შეიძლება, იყოს რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ ესენი პროდასავლელები არიან, ამ ხალხს ატყუებენ, თან ილაშქრებენ ევრორეკომენდაციების წინააღმდეგ. ეს მოცემულობა გვაქვს. მათ გაილაშქრეს ევრორეკომენდაციების წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კონკრეტულად ეს პუნქტი, საბედნიეროდ, დიდწილად შესრულებულია. თან გვიწევს მტკიცება, რომ ეს ხალხი არათუ დასავლეთის, მთელი ცხოვრება რუსეთის საქმეს აკეთებდა, ანტიდასავლურ, ანტიქართულ საქმეს აკეთებდა, თან გვიწევს რეკომენდაციების შესრულება, მათთან რეგლამენტით ჭიდაობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.
ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, მეორე ტურში უყრიან კენჭს.