მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, მოდელირებულ რეალობაში აცხოვრონ საზოგადოება, რაც არ გამოუვათ, რადგან პარლამენტი ერთია, ტექნიკური პარლამენტი ვერ იარსებებს
პოლიტიკური უთანხმოების გადადება, კიბატონო, სიამოვნებით, უბრალოდ ძალიან რთულია, როდესაც მეორე მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ალტერნატიული პარლამენტი უნდა შექმნან. ტექნიკური პარლამენტი შექმნეს, სამი პოლიტიკური ჯგუფი რაღაც განცხადებებს აკეთებს, რაღაც ჯგუფებს ქმნის და აქ ვმუშაობთო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, მოდელირებულ რეალობაში აცხოვრონ საზოგადოება, რაც არ გამოუვათ, რადგან პარლამენტი ერთია, ტექნიკური პარლამენტი კი ვერ იარსებებს.
„ხუთი პოლიტიკური ჯგუფი მუშაობს ოფიციალურ ფორმატში, სახელმწიფოს რაც დაევალა და რეკომენდაცია მიეცა. ოღონდ ჩამოანგრიონ ეს ყველაფერი და საბოტაჟი შეფუთონ, ამ ფორმატის პარალელურად ცალკე ფორმატები გააკეთეს. დღეს ვაშაძის განცხადება ვნახე, შვებულებებიდან გამოვიყვანეთ, ვაიძულეთო. დღეს, როდესაც მოუწიათ აღიარება, რომ მართლა მუშაობს პარლამენტი, ოცზე მეტი სამუშაო შეხვედრა შედგა, კომიტეტი შედგა, ინტენსიური მუშაობა მიდის და აღარ ჭრის მესიჯი, რომ არ მუშაობს პარლამენტი, ახლა მოიგონეს ახალი ნარატივი, რომ ჩვენ გამოვიყვანეთ შვებულებებიდანო. ამომრჩევლის არჩევანის წინააღმდეგ მიდის ეს ხალხი, როდესაც ითხოვს ტექნიკურ მთავრობას, როდესაც ჩამონგრევას ითხოვს, როდესაც არ ცნობს ლეგიტიმაციას ზოგადად არსებული რეალობის, ხალხისგან ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან მიმართებაში. ცდილობენ, მოდელირებულ რეალობაში აცხოვრონ საზოგადოება, რაც არ გამოუვათ, რადგან პარლამენტი ერთია, ტექნიკური პარლამენტი ვერ იარსებებს და ის სისულელეები, რაც გვერდზე მოვლენებად შეიძლება, წარმოჩნდეს, საბოლოო ჯამში არ არის რეალური, პიარული დღის წესრიგია, ოღონდ საბოტაჟური“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.