მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის რადიკალური ნაწილი 12-პუნქტიანი გეგმის საბოტაჟს ეწევა, მათ რეალურად არ აინტერესებთ ევროპული პერსპექტივა, მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით არიან დაინტერესებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხუთი ოპოზიციური პარტია 12-პუნქტიანი გეგმის საბოტაჟს ახორციელებს.
მდინარაძის შეფასებით, აღნიშნული პარტიები ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე მხოლოდ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენენ.
„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილში, ხუთ პარტიაში, საიდანაც სამი საპარლამენტო და ორი არასაპარლამენტოა, იწერება გეგმა, როგორ გააპიარონ საბოტაჟი პოზიტიურად. ანუ, ისინი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე მხოლოდ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენენ, მაგრამ ხომ არ იტყვიან, რომ ამას აფერხებენ? მათი წარუმატებელი პიარსტრატეგიაა, როგორ „გააპრავონ“ საბოტაჟი და საზოგადოებას მიყიდონ, როგორ კარგ რამეს აკეთებენ. რაც უნდა კარგი გეგმები დახატონ, თან ნათელ ფერებში, შარლ მიშელის დოკუმენტის ისტორიის გადაწერას და შეცვლას ცდილობენ, რასაც „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული 12-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც მივყვებით და ეს ხუთი პარტია ამ გეგმის საბოტაჟს ახორციელებს. ახლა ცდილობენ, საბოტაჟი შეფუთონ და საზოგადოება მოატყუონ, მაგრამ საზოგადოება ამ დროს ნამდვილად არ ტყუვდება. რასაც აფუჭებენ, ისიც კმარა და არაფერი დავაბრალოთ. მათი განცხადებები და მოქმედებები კი არ სცდება ერთმანეთს, მათი წამოცდენები და მოქმედებები ერთი-ერთში ემთხვევა. ხელისუფლების პირობებში რაღაც ვერ მოხდებაო, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ – ხელისუფლების შეცვლა. ევროკავშირის რეკომენდაციები და ევროპული პერსპექტივა რეალურად არ აინტერესებთ. ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოუდგენიათ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ეს რეკომენდაციები შესრულდეს, რაღაც სტატუსი მივიღოთ და წარმატებას მივაღწიოთ. მათ ძალიან აწუხებთ ეს წარმატებები და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს წარმატება გადაწყვეტილებაში არ აისახოს. ამიტომ ვეძახით ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანებს და ქვეყნის მტრებს. ქართველებზე, თუნდაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებზე ამის თქმა არ გვსიამოვნებს, მაგრამ ისინი მართლაც იმის გამო არიან უსამშობლო ადამიანები, რომ რეალურად მტრობენ ქვეყანას, ოღონდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დააზიანონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.