მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის პიარპროექტი, გაყალბებული არჩევნები უკვე წარსული და ჩავარდნილი პროექტია
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის პიარპროექტი, გაყალბებული არჩევნები უკვე წარსული და ჩავარდნილი პროექტია

არანაირი ვადამდელი არჩევნების შესახებ არ შეიძლება ახლა საუბარი, ეს არის სპეკულაციური, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ოპოზიციის პიარპროექტი – გაყალბებული არჩევნები უკვე წარსული და ჩავარდნილი პროექტია“.

„არანაირი ვადამდელი არჩევნების შესახებ არ შეიძლება ახლა საუბარი, ეს არის სპეკულაციური. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თუკი ოპოზიცია ელოდებოდა და დღემდე ელოდება ჩვენი მხრიდან რაიმე სახის შეთავაზებას მათ მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც ყალბ ნარატივზეა, ეს ხომ დადასტურდა – გაყალბებული არჩევნები უკვე არის წარსული და ჩავარდნილი პროექტი, თვითონაც დაანებეს ამაზე საუბარს თავი, შეცვალეს ბოლო დღეებშიც ეს ნარატივი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ მთელმა საქართველომ, მათ შორის მათმა მხარდამჭერებმა, სუბიექტურად მოფიქრალმა ადამიანებმაც კი ამ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით შეიტყვეს, რომ ეს იყო ტყუილი და ჩავარდნილი პროექტი. მათი პიარპროექტი, მათ შორის თქვენი დახმარებით, რომელიც ხორციელდებოდა, არ გამოვიდა საბედნიეროდ, თორემ ახლა ჩვენ სუბიექტურად რა გვაწყობს და რა არა, ეს მეორე საკითხია.

შესაბამისად, ჩვენ რაც კი შეგვეძლო, მიუხედავად ამისა, მაინც გავაკეთეთ, შევთავაზეთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ერთი მარტივი დათქმის შემთხვევაში, თუ ისინი თავად იპოვიდნენ ერთპროცენტიან გადახრასაც კი, ჩვენ მივყვებოდით ამ პირობაზე. თუმცა მათ არ სურთ. საგამოძიებო კომისია საქართველოს პარლამენტმა უკვე შექმნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით. მათ შეუძლიათ ჩართვა. ისინი კი არა, ის საპარლამენტო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ პარლამენტში, ისინიც კი უარს აცხადებენ კომისიის მუშაობაში ჩართვაზე. იმდენად დარწმუნებული არიან უკვე თავადაც, რომ გაყალბებული არჩევნები იყო საზოგადოების მოტყუება და რომ ჩავარდნილი პროექტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.