მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან თუ გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას და ეს არის ქვეყნის ინტერესში
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.
როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აშშ-ის სენატში გამართული მოსმენები, სადაც სამ ყველაზე აქტუალურ საკითხს ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხი გაეცა.
„ეს იყო „ნაცმოძრაობის“ ცრუ ნარატივი, რომელიც შეეხებოდა „პოლიტპატიმარ“ ნიკა მელიას. პასუხი ამაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან იყო, რომ მან დაარღვია კანონი. მეორე ცრუ ნარატივი ეს იყო გაყალბებული არჩევნები. სენატშიც გაისმა ციტირება ეუთო/ოდირის ანგარიშისა, სადაც საქართველოში 2020 წელს ჩატარებული არჩევნები მოხსენიებული იყო როგორც თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან არჩევნებად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ და მათ მედიასაშუალებების მიერ პერმანენტულ რეჟიმში ნალაგები ცრუ ნარატივი პროდასავლურობასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცას ეჭვი უნდა შეეპაროს „ქართული ოცნების“ პროდასავლურობაზე, მკაფიო განცხადება იყო გაკაეთებული, რომ 2012 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან მოყოლებული, არ ყოფილა არც ერთ დღე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ და ქართულმა სახელმწიფომ გადაუხვია ამ კურსს, ასეთი ფიქრადაც არ გაუვლია არავის.
„ეს აისახა საქართველოს კონსტიტუციაშიციც, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო. მეცხრე მოწვევის პარლამენტმა კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ პროდასავლური კურსი ეს არის დავალება საქართველოში ყველა ხელისუფლების მიმართ. ამ ფონზე ჩვენი მზაობა მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, ისევ რჩება დღეს წესრიგში, ყველა საკითხზე, რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან არსებობს, პირველი, უკვე გადადგმული ნაბიჯები. თქვენ ნახეთ, ჩვენს მიერ ჩატარებული ბრიფინგები ბარიერთან დაკავშირებით და მის დაწევაზე, საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო რეფორმაზე და ა.შ. ეს არის უკვე გადადგმული ნაბიჯები. გვაქვს მეორე ვარიანტი, ეს არის არაერთი კომპრომისული წინადადება, განსხვავებით ოპოზიციისგან. ასევე გვაქვს მესამე საკითხის გადაწყვეტის გზები, რომელზეც იყო საუბარი, მათ შორის მოლაპარაკების მაგიდასთან. შესაბამისად ამისა, თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგუმლი იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას და ეს არ არის მხოლოდ პარტიების ინტერესი. ქვეყნის ინტერესია ამ რთული გამოწვევების ფონზე, ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ერთად გავაგრძელოთ მუშაობა, არა ასეთ დესტრუქციულ რეჟიმში, როგორც პანდემიისგან მიყენებული ზიანის, ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაზე, ასევე სხვა საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.