მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან საქსტატის მონაცემებით მანიპულირება ქართული საზოგადოების უმძიმესი შეურაცხყოფაა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის არგუმენტი, რომ საქსტატის მონაცემებით კონკრეტულ დასახლებაში შედარებით ცოტა ადამიანია აღწერილი, ვიდრე არჩევნებში მონაწილეობს, საზოგადოებისთვის მძიმე შეურაცხყოფაა.
მდინარაძემ განმარტა, რამ შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული სხვაობა.
„მინდა, გამოვეხმაურო ოპოზიციის მიერ წარდგენილ რამდენიმე არგუმენტს, რომლითაც ქართულ საზოგადოებას აყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას. მაგალითად, აქვეყნებენ რამდენიმე დასახლების მონაცემს და ამბობენ, როგორ ხდება, რომ, საქსტატის მონაცემებით, ნაკლები ადამიანი ცხოვრობს ადგილზე, ვიდრე არჩევნებში მონაწილეობსო. აღწერის მიზნით მივიდა ცაგერში მცხოვრებ ოჯახში საქსტატის წარმომადგენელი, დააფიქსირა, რომ ამ ოჯახში ცხოვრობს ორი ადამიანი. თუმცა ამ ოჯახში ჩაწერილია, ვთქვათ, ათი ადამიანი, შემდეგ ჩავიდნენ დანარჩენები და მისცეს ხმა. შემდეგ გამოდის ნებისმიერი მდაბიო მანიპულატორი და ამბობს, როგორ, ორი ადამიანი ცხოვრობს და ათმა როგორც მისცა ხმაო. ანუ, საქსტატის მონაცემები შეესაბამება იქ მცხოვრები, ადგილზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. მასში არ შედის არც ემიგრანტი, არც სხვა ქალაქში თუ სოფელში მცხოვრები ადამიანი და ამასთან დაკავშირებით მანიპულაცია არის უმძიმესი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების“, – განაცხადა მდინარაძემ.