მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან პიარული თავხედობაა, როდესაც ამბობენ, რომ მხარს არ დაუჭერენ 120/30-ზე შეთანხმებას
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან პიარული თავხედობაა, როდესაც ამბობენ, რომ მხარს არ დაუჭერენ 120/30-ზე შეთანხმებას

მეტი გარანტიისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, ყველა ოპოზიციური პარტიის ხმები ყოფილიყო და მათ დაეჭირათ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ეს იქნებოდა მყარი გარანტია, რომ არც ერთ შემთხვევაში ერთი პროცენტითაც არ იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შანსი. მათ გარეშეც ვფიქრობ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შევძლებთ, რადგან ჩვენი გუნდი, ფაქტობრივად მთლიანად, უჭერს მხარს ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი დეპუტატები, მათ შორის უმრავლესობიდან გასული დეპუტატები, ასევე მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს ხმები საკმარისი იქნება მათ მისაღებად.

„თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პიარული თავხედობაა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან,როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ საზოგადოების დაკვეთაა მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებული სისტემა და დღეს ამბობენ, რომ ჩვენ გავდივართ ამ შეთანხმებიდან და მხარს არ დავუჭერთ, ამაზე საზოგადოება გასცემს პასუხსო. დარწმუნებული ვარ, ამ პიარულ თავხედობაზე საზოგადოებას არჩევნებში და მანამდეც თავისი რეაქცია ექნება. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვეცდებით, მაქსიმალურად მყარი გარანტია გვქონდეს, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მათი ასეთი პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„მიღწეული იყო შეთანხმება, სადაც ფასილიტაციას აწარმოებდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ელჩები. იქ გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება და ერთი – შეთანხმება უშუალოდ 120/30-ზე და შემდეგ იყო შეთანხმება ერთობლივ განცხადებაში რაც აისახა, აისახა მართლმსაჯულებაში​ ჩაურევლობაში. ამას სხვანაირად თარგმნიან. პიარულ თავხედობას მიჰყვეს ხელი, როდესაც ამბობენ, რომ ისინი არ მოაწერენ ხელს და არ დაეთანხმებიან, არ დაუჭერენ მხარს 120/30-ზე, ანუ შეთანხმებულ პრინციპს, მაშინ როდესაც ისინი თავად ამბობდნენ, რომ ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. ე.ი. ისინი ამბობენ საზოგადოების დაკვეთაზე უარს მათ მიერ მოგონილი არგუმენტებით, ამაზე დიდი პიარული თავხედობა წარმოუდგენელია. ისინი ცდილობენ, ხელისუფლებას დააკისრონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მათ თვითონ უშუალოდ, მექანიკური თვალსაზრისითაც კი, უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მდინარაძემ.