მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი არ ყოფილა
ოპოზიციის მხრიდან არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი არ ყოფილა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, იმ წინადადებების დიდ ნაწილზე, რომლებიც სამსჯელოდ იყო წარმოდგენილი, „ქართული ოცნების“ მხრიდან კომპრომისი იყო.
„სულ იქნება კამათი, ვინ ჩაშალა შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ეტაპი. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩვენ ჩავშალეთ. უარესებიც უთქვამთ, აქ მთავარია ფაქტები და სიმართლე. აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რომლებიც მაგიდაზე იდო სამსჯელოდ და განსახილველად, წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ შესასრულებელ პირობებს, საიდანაც დიდ ნაწილზე იყო ჩვენი კომპრომისული წინადადებები, ნაწილზე კი, სადაც საკითხი ეხებოდა სამართლიანობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლას, ბუნებრივია ასეთი თემები (ულტიმატუმები) ჩვენი მხრიდან არ განიხილებოდა. აქვე, გამოსავალი შეთავაზებული იყო ყველა პუნქტზე. ოპოზიციის მხრიდან არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი არ ყოფილა გადმოდგმული. მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა იყო. პასუხი კითხვაზე გაცემულია“, – განაცხადა მდინარაძემ.