მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ საპარლამენტო დემოკრატიას, საპარლამენტო პროცედურა დავუპირისპირეთ, ასევე გავითვალისწინეთ ამომრჩევლის ნება
ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ საპარლამენტო დემოკრატიას, საპარლამენტო პროცედურა დავუპირისპირეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების გაუქმების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების, რომ არ შეუწყვიტონ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება, ამომრჩევლის ნებამ განაპირობა.
„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თუ იმაზე საუბრობენ, რომ ეს არის მათი როგორც თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური ნების გამოხატვა და ამის აღსრულებას ითხოვდნენ, ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს არის საპარლამენტო საბოტაჟი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები კიდევ უფრო შორს წავიდნენ, კიდევ უფრო მკაცრები იყვნენ მათი ქმედების მიმართ და თქვეს, რომ ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ასევე იყო მოწოდებები როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე ევროკავშირის ელჩის, რომელიც დასავლელი პარტნიორების პოზიციას ახმოვანებდა.
თუმცა არ დაგიმალავთ და ამიტომაც გაგრძელდა უმრავლესობის სხდომა დაგეგმილზე დიდხანს, რომ სხვა არგუმენტებიც იყო. საბოლოო ჯამში, უმრავლესობაც ამ პოზიციას დაეთანხმა, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილია თავი შევიკაოთ მათი უფლებამოსილების შეწყვეტისგან. მათ გადაწყვეტილებას, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ საპარლამენტო დემოკრატიას, ჩვენ დავუპირისპირეთ საპარლამენტო პროცედურა. ჩვენ გავითვალისწინეთ, ამომრჩევლის პოზიციაც. ამომრჩევლის ნება იყო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომ ჩვენ თავი შეგვეკავებინა ამ საკითხის მხარდაჭერისგან“, – განაცხადა მდინარაძემ.