მამუკა მდინარაძე - ოპოზიციიდან ზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმოთ და რაჭაში ჩასულიყვნენ, ნახავდნენ, იქ რა ხდებოდა
ოპოზიციიდან ზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმოთ და რაჭაში ჩასულიყვნენ, ადგილობრივ მოსახლეობას გასაუბრებოდნენ, კითხვა დაესვათ, ნახავდნენ, იქ რა ხდებოდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები შოვის ტრაგედიიდან პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ.
„სამ საათზე და მთელ ღამეზე რომ ლაპარაკობენ, პირველ ხუთ წუთში რა მოხდაო, პირველ 5 წუთში ისეთ რაღაცებზეა საუბარი, რაზე საუბარიც მე პირადად ძალიან მიჭირს. ბოდიში იმისთვის, რასაც ახლა ვიტყვი, ფრაგმენტებად ამოქონდათ მაშველებს ადამიანები და ესენი ლაპარაკობენ – სამი საათი, რვა საათი, გათენებამდე, დაღამებამდე. პირველ ხუთ წუთში რა ხდებოდა, ჯერ ის მოიკითხეთ, რეებს კადრულობთ? ასე როგორ გახდით ტრაგედიით მოსარგებლეები? საიდან გამოჩეკეთ ეს აზრები, რომ ამაზეც შეიძლება, პოლიტიკური დივიდენდები მიიღოთ და მორალი იკითხოთ? რაებს აკეთებთ, შოვზე ამას როგორ იგონებთ და კადრულობთ, დაწყნარდით ცოტა, თუ შეიძლება. იმაზე ვილაპარაკოთ, 2006 წლიდან რაც ჩამოანგრიეთ მთლიანად და სისტემა გააუქმეთ. მაია ბითაძე ლაპარაკობდა, 2014 წლიდან როგორ მიდის აწყობა, წინასწარი გაფრთხილების სისტემას რამდენი კომპონენტი უნდა და რამდენია უკვე თბილისში, რეგიონებში, რაჭაში. ხე-ტყის მოჭრა რა შუაშია, 65 ჰექტარი ყინული მოწყდა, საიდან მოგაქვთ ეს ყველაფერი? ხომ არსებობს მართლა რაღაც, შუბლის ძარღვი და მორალი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.