მამუკა მდინარაძე - ოპოზიციიდან იმდენმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, რომ შესაძლოა, ახლა 30 ადგილი არ ყოფნით
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციიდან იმდენმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, რომ შესაძლოა, ახლა 30 ადგილი არ ყოფნით

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შეთანხმებას პირნათლად შეასრულებს და გუნდი მთლიანად დაუჭერს მხარს 120/30-ზე სისტემას.

თუმცა, მისივე თქმით, თუ ოპოზიციის მხრიდან ცვლილებებს მხარდაჭერა არ ექნება და დღეს არსებული საარჩევნო სისტემა დარჩება, „ქართული ოცნება“ არჩევნებს მაინც მყარად მოიგებს.

ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციიდან იმდენმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, შესაძლოა, ახლა 30 ადგილი არ ყოფნით.

„თუ ისინი გადაწყვეტენ და სხვასაც აიყოლიებენ დავუშვათ, ოპოზიციიდან და ისევ დარჩება 77/73-ზე, ამ შემთხვევაშიც ძალიან მყარად მოვიგებთ, უფრო დიდი უპირატესობით მოვიგებთ, მაგრამ მე მგონი, ამათ არ ყოფნით უკვე ადგილები, რადგან იმდენმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, რომ შეიძლება, არ ყოფნით ახლა 30 ადგილი და სჭირდებათ, რომ მეტი მაჟორიტარი იყოს. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალურად, თუ ერთ ადამიანზე, ერთ კრიმინალზე დავუშვათ, ჩამოკიდებენ ამ პროცესს და იტყვიან, რომ თუ კონკრეტული ადამიანი არ გათავისუფლდა, თუ ხელისუფლება არ ჩაერია მართლმსაჯულებაში და მისი გარეთ გამოშვება არ უზრუნველყო, მაშინ ჩვენ არ მივცემთ, ეს მათი საქმეა.

ნებისმიერ შემთხვევაში, 120/30-ზე იქნება, ძველი სისტემით იქნება, რომელიც სხვათაშორის ისევ თავად ჩააგდეს და მაშინ მოატყუეს საზოგადოება, იგივეს უზრუნველყოფენ დღესაც, მაშინ არც ის არის პრობლემა, რომ გავიდეთ იგივე სისტემით და იგივე სისტემით კიდევ უფრო მაგრად დავამარცხოთ, კიდევ უფრო მყარი გამარჯვება მოვიპოვოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.