მამუკა მდინარაძე - ოპოზიციაში ცდილობენ, სტატუსს თუ მივიღებთ, ეს დაიბრალონ და ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს
ოპოზიციაში ცდილობენ, სტატუსის მიღების შემთხვევაში, ეს დაიბრალონ და ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სტატუსის მონიჭება ქართველი ხალხისა და მხოლოდ იმ რეფორმების დამსახურებაა, რომელიც ასოცირების ვალდებულების შესრულების კონტექსტში ხორციელდებოდა.
„ამ დღეების ერთ-ერთი მთავარი პარადოქსია და ამავდროულად, იშიფრება ოპოზიციის პიარული გეგმა. საქართველოსთვის თუ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, ეს დაიბრალონ, თითქოს ალდე-მ, „ევროპის სახალხო პარტიამ“ და ცალკეულმა წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს ეს ყველაფერი. ამ დროს სინამდვილეში ხალხზეა საუბარი, რომელიც თუკი რაიმე უნდა მოიგონო ქვეყნის შიგნით და შემდეგ გაავრცელო ქვეყნის გარეთ, ამას აკეთებენ, ცდილობენ, მათ მიეწეროს ეს პოზიტიური გადაწყვეტილება, თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ამ შემთხვევაში, ეს დაბრალდეს ხელისუფლებას. ასე არ გამოვა. ჩვენ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ობიექტურობაშია ამოსავალი წერტილი და ეს ობიექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის მხოლოდ იმ რეფორმების დამსახურება, გუშინდელი დღის დამსახურება ასოცირების ვალდებულების შესრულების კონტექსტში, რომელმაც უზრუნველყო, ვინც ობიექტურად ფიქრობს ამ საკითხზე და თუკი ვინმე გადაწყვეტილებას ობიექტურად იღებს, ყველა ამბობს, რომ მაშინ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არავის დამსახურებაა, გარდა ქართველი ხალხისა და იმ რეფორმებისა, რომელიც ასოცირების ვალდებულების შესრულების კონტექსტში ხორციელდებოდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.