მამუკა მდინარაძე - ოპოზიციაში ადგილებს ვერ იყოფენ, „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით კი დღეს არის ისეთი ერთობა, როგორიც აქამდე არ მახსენდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია კვოტებს ვერ იყოფს და 30 მაჟორიტარი მათთვის ამიტომაც ხელსაყრელი არ არის.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ საკითხი ამგვარად არ დგას.
„დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრს შემთხვევით არ უთქვამს კვოტების შესახებ. ასეთი საკითხები ჩვენთან არ არის, არ არის კვოტები, არის ოპოზიციაში, რომელშიც ე.წ. ერთობა დაიშალა და ახლა ჩხუბობენ, ვინ დაჯდება პარლამენტში, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. კვოტებს ვერ იყოფენ და მგონი, 73-ის ნაცვლად, 30 მაჟორიტარი იმიტომ არ აწყობთ, რომ ვეღარ ინაწილებენ და ვერ იყოფენ ადგილებს.
ჩვენ ასე არ ვუდგებით. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რა ინსინუაციებიც არ უნდა მოჰყვეს ამ განცხადებას, რომ დღეს „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით არის ისეთი ერთობა, რომელიც ძალიან იშვიათად ყოფილა ხოლმე. დღეს ეს გუნდი როგორც არის შეკრული და არ კამათობენ პრინციპულ საკითხებზე, ასეთი მე პირადად არ მახსენდება. ძალიან კარგია, როდესაც მმართველ გუნდში ასეთი ერთსულოვნებაა მიდგომებთან, პრინციპებთან, თუნდაც სიის შედგენასთან დაკავშირებული პრინციპების ირგვლივ“,- განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია სავარაუდოდ ზაფხულის მიწურულს გახდება ცნობილი.
„ჯერ მაჟორიტარებზე ჩამოვყალიბდებით. ეს უფრო საჩქარო ამბავია და შემდეგ უკვე, ზაფხულის მიწურულს ალბათ გავახმოვანებთ სიასთან დაკავშირებულ სახელებს და გვარებს. რაღაც გადაწყვეტილებისკენ რომ ვიყოთ წასული, გადაწყვეტილების პროექტი იყოს, მე დღეს ამაზე, სამწუხაროდ, ვერ დაგელაპარაკებოდით. ჯერ ერთი გადაწყვეტილების კონტურებიც კი არ არის. მოსაზრებები არსებობს და გუნდში მიდის ზოგადად ამის განხილვა, მაგრამ გადაწყვეტილებისკენ ამ მიმართულებით ჯერ არ წავსულვართ. წინასწარ ამაზე არ ვილაპარაკებთ“,-განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, იქნებით თუ არა 30 მაჟორიტარში, მდინარაძემ უპასუხა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლისთვის მზადაა.
„მაჟორიტარობის შემთხვევაში, სიაში ყოფნის შემთხვევაშიც არ დავაკლებ ბრძოლას და პოლიტიკურ ბრძოლაში არასად უკან არ დავიხევ“,- აღნიშნა მდინარაძემ.