მამუკა მდინარაძე - ვერანაირ გარანტიას ვერ გავცემთ ოპოზიციის წარმომადგენლების შიშებზე, შეუწყდებათ თუ არა მათ დეპუტატის მანდატი
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჩემი და „გირჩის“ წარმოდგენები და რწმენები ერთმანეთს არ ემთხვევა. მათ შორის არც იმ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ისინი ფიქრობენ, რომ კონსტრუქციულად იმოქმედებს მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“. ამას ისინი აფიქსირებენ, როგორც საჯარო შეხვედრებში, ასევე მათმა ლიდერმა ეს ჩემთან პირად საუბარშიც დააფიქსირა – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა ვარიანტში ისევ რადიკალური დღის წესრიგი ექნება.
„რაც შეეხება მანდატების შეწყვეტა-არშეწყვეტას, ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევიკრიბებით დღეს პოლიტსაბჭოს, ხვალ უმრავლესობის ფორმატში და გავივლით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. მათ ვერანაირ გარანტიას შიშებზე ვერ მივცემთ, მოხდება შეწყვეტა, თუ არა. უკვე იგრძნობა, რომ მათი უმრავლესობის ნებაც კი არ არის, რადგან არის მათი მხრიდან გარკვეული კითხვები, კომუნიკაცია და მძაფრი კითხვები ოპოზიციური არხების მხრიდან. ჩემს პირად პოზიციას არ ვიტყვი, რადგან ამან გადაწყვეტილების დროს შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს, ამაზე მსჯელობა დღეს და ხვალ უნდა იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.