მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას უნდა, ხელისუფლებას დააბრალოს ის, რაც გააფუჭა „კოვიდმა“, ასე არ გამოვა
დახმარებების გაცემა შემდეგი კვირიდან დაიწყება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, როდის დაიწყებს მთავრობა სოციალური დახმარებების გაცემას.
მდინარაძის თქმით, საჭირო იყო პირველი ეტაპი დახმარების მიმღებთა იდენტიფიცირებისთვის.
„შემდეგი კვირიდან დაიწყება დახმარებების გაცემა, იდენტიფიცირების გარეშე დახმარების გაცემა შეუძლებელი იყო. სოციალურ დახმარებას სწორედ სტატისტიკის მიხედვით იღებენ ადამიანები. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ამ ქვეყანაში სოციალურ დახმარებას იღებს, ეს სტატისტიკაა სოციალური დახმარების საფუძველი, მუნიციპალიტეტები კი არ არჩევენ თავის შეხედულებების მიხედვით. ამასაც კი ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები სპეკულაციურად და ასეთი ბინძური ტყუილი მეორე არ გამიგია, თითქოს, მუნიციპალიტეტებში მხარდამჭერებს არჩევენ. შეიძლება, ვინმეს ეს დააჯერო? საზოგადოებაზე ცუდი წარმოდგენა უნდა გქონდეს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მრავალშვილიან ოჯახებზე 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე, ასეთი სტატისტიკა არის ხოლმე მოშველიებული და ვცდილობთ, თითოეულ ადამიანებამდე მივიდეთ და დავეხმაროთ ვისაც, ეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მიმდინარე წლის აპრილში წლიურად საქართველოში ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა, უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში მთელ მსოფლიოში მცირდება ეკონომიკა.
„სხვა ქვეყნის მონაცემები იცით? მსგავს სიტუაციაშია მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ საქართველო. ოპოზიციას უნდა, რაც გააფუჭა „კოვიდმა“, ის ხელისუფლებას დააბრალოს. ასე არ გამოვა. რეალურად ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს და ამ გეგმის შესრულება უკვე მიდის, დაწყებული კომუნალური გადასახადების შეღავათებიდან გაგრძელებული იმ შეღავათებით და დახმარებებით, რაც ერთ კვირაში იქნება. ამის შემდეგ პარლამენტი წარმოადგენს ახალ, კორექტირებულ ბიუჯეტს, სადაც ასახული იქნება პოსტკრიზისული გეგმა. ამის მიხედვით, როგორც ერთად დავამარცხეთ „კოვიდი“, ასე უნდა დავამარცხოთ ეკონომიკური რეცესია, შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საქართველო უმწვავესი გამოწვევის წინაშეა, რომელსაც „კოვიდის“ შემდეგ ეკონომიკური რეცესია ეწოდება.
„ამას ერთად უნდა ვებრძოლოთ. თუ ვინმეს უნდა, რომ „კოვიდმა“ რაც გააფუჭა, ხელისუფლებას დააბრალოს, უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციის ავტორია და მეტი არაფერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.