მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას თუ ჰკითხავთ, რა ნაბიჯი გადმოდგეს, რომელსაც შეიძლებოდა თეორიულად დარქმეოდა კომპრომისული, პასუხს ვერ გაგცემენ
ოპოზიციას თუ ჰკითხავთ, რა ნაბიჯი გადმოდგეს, რომელსაც შეიძლებოდა თეორიულად დარქმეოდა კომპრომისული, პასუხს ვერ გაგცემენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მოლაპარაკების დეტალებზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, მდინარაძემ უპასუხა, რომ მმართველი გუნდი კონფიდენციალურობის პირობას კვლავ იცავს.
„პირობა, რომელიც ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან დავდეთ, ისევ უცვლელია. ძალიან გთხოვთ დეტალები მოსთხოვეთ მათ, ვინც ეს პირობა უკვე დაარღვია. ეს პირობები უკვე არაერთგზის დაარღვიეს, როგორც პარლამენტში შემოსულმა დეპუტატებმა, ასევე პარლამენტს გარეთ მყოფმა ჩვენმა კოლეგებმა და შეგიძლიათ, მათ დეტალურად ჰკითხოთ.
გახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თქვა, რომ მათი კომპრომისი იყო მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა. ვეთანხმები, მათი ერთადერთი კომპრომისი მართლაც ეს იყო. მათ თუ ჰკითხავთ, რა ნაბიჯი გადმოდგეს, რომელსაც შეიძლებოდა თეორიულად დარქმეოდა კომპრომისული, პასუხს ვერ გაგცემენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ მომდევნო დღეებში, ევროპელ პარტნიორებთან საუბრის შემდეგ, მოლაპარაკების პროცესზე „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი დეტალი გაასაჯაროოს, რადგან როგორც მდინარაძე აცხადებს, ოპოზიცია ცალმხრივად აჟღერებს ცრუ ინფორმაციებს.
„მართლაც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ პატიოსნად ვიცავთ პირობას და ვერ ვლაპარაკობთ დეტალებზე. ვფიქრობ, მოგვიწევს ევროპელ პარტნიორებთან საუბარი, რადგან ერთი მხარე არღვევს ამ პირობას და ტყუილ-მართალს ერთმანეთში ურევს. ამის გამო საზოგადოებას არასწორი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციები მიეწოდება. ჯობია, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. ეს ჩემი პირადი აზრია, არ მიიღოთ გუნდის პოზიციად.
ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი წინადადებები დაკავშირებული იყო როგორც რეფორმებთან და ამ რეფორმების დეტალურ განხილვასთან, ალბათ ხვდებით, რას შეეხება ეს საკითხი და მეორე, მათ მიერ დაყენებულ ულტიმატუმებთანაც კი გამოსავლის გზები მივაწოდეთ და ვასწავლეთ, რა უნდა გაეკეთებინათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ არ არის ეს ის სიტუაცია, მით უმეტეს გამოგონილ და ხელოვნურ კრიზისში, საიდანაც მარტივად არ არსებობდეს გამოსავალი. ამას უნდა მათი ნება“, – განაცხადა მდინარაძემ.