მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას სურს, ხელი შეუშალოს ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებულ გამოძიებას, არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს, პარლამენტში იმის გამოძიებას ითხოვდნენ, სადაც თავად არიან ეჭვმიტანილი
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას სურს, ხელი შეუშალოს ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებულ გამოძიებას, არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს, პარლამენტში იმის გამოძიებას ითხოვდნენ, სადაც თავად არიან ეჭვმიტანილი

ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას რომ ითხოვენ, გამოდის, სადაც თავად არიან ეჭვმიტანილი, იმის გამოძიებას ითხოვენ პარლამენტში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას სურს, ხელი შეუშალოს გამოძიებას.

„ქართველმა სამართალდამცავებმა უამრავი საქმე გახსნეს და გერმანელ სამართალდამცავებთან ერთად ჩატარებულ ბრიფინგებში კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი. ამის შემდეგ „ბიბისის“ ფილმი ვნახეთ, სადაც კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი. შემდეგ „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტის თუ ჟურნალისტის სამუშაო ადგილას თუ ოფისში აღმოჩნდა ქოლცენტრები, ახლა უკვე ვაშაძისა და არახამიას ქოლცენტრებზეა ინფორმაცია. ზოგჯერ ამბობენ, გაქირავებული აქვთ, ზოგჯერ ამბობენ, ტურისტული კომპანიაა, ახალი ვერსია იყო, სასტუმრო არისო. რატომ ემთხვევა ასე? ანუ, „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტებისა და დამფინანსებლების მიმართულებით ამდენი რამ დაემთხვა ერთმანეთს? ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცავებმა კონკრეტული მიმართულებები გამოიძიეს – კონკრეტულ ჟურნალისტს მიადგნენ და ქოლცენტრზეა საუბარი. ახლა პოლიტიკოსების ქოლცენტრებზეა მინიშნება და თავს იმართლებენ, ჩემი ძმის არის, გაქირავებული აქვსო. ეს ყველაფერი დამთხვევაა?

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას რომ ითხოვენ, ამ ყველაფრიდან რა გამოდის? ლოგიკას თუ გავყვებით, მათ აქვთ ქოლცენტრები და თავადვე გამოიძიებენ? სადაც თავად არიან ეჭვმიტანილი, თავად ითხოვენ იმის გამოძიებას პარლამენტში. მგონი, სწორი დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივია. ოპოზიციას სურს, ხელი შეუშალოს გამოძიებას და რაც შეიძლება დეტალურად ჩაიხედონ ამ საქმეში. ასევე, თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს, რატომ შეიძლება აწყობდეთ ქოლცენტრებზე კომისიის შექმნა იმ ადამიანებს, სადაც თავად იმხილებიან და ეს კლასტერი სხვადასხვა მიმართულებით არის გახვეული ქოლცენტრების ქარიშხალში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.