მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას როცა სხვა გზა არ ჰქონდა, ჩიხში იყვნენ და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია
„ლელო“ და სხვა პარტიები რა კონკრეტულ მესიჯებს გაახმოვანებენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საერთო მიზანია. მოლაპარაკების ჩაშლა და დამოკიდებულება-არ დავსხდებით ირაკლი ღარიბაშვილთან, მამუკა მდინარაძესთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად. მათ საბაბი სჭირდებათ და ეს საბაბი შავი დღისთვის გადანახული ჰქონდათ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციის მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.
„როცა სხვა გზა არ ჰქონდათ, ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია, სიცრუე, დამონტაჟებული და ამოჭრილი სიტყვები რაღაც ამბავთან დაკავშირებული და საიდანაც ამოჭრეს, ის ჩანაწერებიც კი, 2010-2011 წლებშია გაკეთებული. ახლა აქეთ შეტევას ბედავენ იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ მოისმინეს 2010-2011 წლებში, მერე დაამონტაჟეს, მერე სიცრუე, ყალბი კონტენტი შექმნეს. ეს ხალხი ამაზეც არ გაბრაზდა და ბოლო გასროლაც ისეთი გამოუვიდათ, რომელმაც ვერ მიაღწია მიზანს და შედეგი ვერ მიიღო, რადგან ობიექტური დამკვირვებელი ამაზე არ გაბრაზდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ შეიძლება კონკრეტულ საქმეზე პოლიტიკოსმა თქვას, უნდა დაიწყოს თუ არა პროკურატურამ გამოძიება.
„ეს ხალხი „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას არ იჯერებს. რაც არ უნდა გვაბრალონ, ანზორ ჩუბინიძე მივიდა და ძალადობა ჩაიდინაო, მას ნახევარი საქართველო იცნობს და არ დაიჯერებენ მისი მხრიდან ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას კდემომისილებას. ძალით ხომ არ დავაჯერებთ? არ არის ეს ის მოცემულობა, რომელიც სიმართლესთან ახლოსაა. პოლიტიკოსი ვარ და ეს არაერთხელ მითქვამს, პროკურატურის ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი. როცა დანაშაულის ნიშნებს ხედავს პროკურატურა, მაშინ იწყებს გამოძიებას. როცა რაღაც ქმედებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან არის განპირობებული და დანაშაულის ნიშნებს არ ხედავს, არ დაიწყებს გამოძიებას. მე ამას ვერ მივუთითებ, არც მივუთითებ და არც ვიტყვი, რადგან იმ წამსვე თქვენი უმრავლესობა მეტყვის, რომ თქვენ მიუთითეთ, ამიტომ არ შეიძლება პოლიტიკოსმა თქვას, ამაზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება“, – განაცხადა მდინარაძემ.