მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას მოვუწოდებთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ, რადგან ეს არის პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას მოვუწოდებთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ, რადგან ეს არის პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე

ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას მოვუწოდებთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ, რადგან ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლისა და მოსახლეობის წინაშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საარჩევნო სისტემასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელებისთვის სულ მცირე სამთვიანი ვადაა საჭირო.

„თუ თებერვლის ბოლომდე რაღაცაზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, შემდეგ ტექნიკური თვალსაზრისით, რაიმე ცვლილებების განხორციელება გაჭირდება. ოპოზიცია აყირავებს მაგიდას იმ საბაბით, თითქოს, საქმე პოლიტიკურ პატიმრობასთან გვაქვს. ამაზე ვამბობთ, მისია ჩამოვიდეს და ამბობენ, მისია შესაბამისი ფორმატი არ არის. ჩვენი შეთავაზება 100/50 არის კომპრომისული. მეორე მხრიდან კომპრომისული ვერსია ჯერ არ მოგვისმენია, მოვისმინეთ, კომპრომისი კომპრომისისთვის. ეს იყო იმისთვის მხოლოდ, რომ შექმნილიყო ილუზია თითქოს, ისინი კომპრომისზე მოდიოდნენ და საუბრობდნენ 130/20-ზე. ეს რამდენად სერიოზულია, აღარ გავაგრძელებ. თუ შეთანხმება ვერ შედგება, ბუნებრივია, იძულებითი მოცემულობა იქნება, არჩევნები 77/73 სისტემით ჩავატაროთ და ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას გარანტირებულად იგებს, რაც არაფერში გვჭირდება. ამაზე უარს ვამბობთ და კომპრომისულ წინადადებაზე ოპოზიცია არ მოგვყვება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.