მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას მოვუსმენთ, რა საარჩევნო მოდელზე აქვთ შეთავაზება, დარწმუნებული ვარ, ფანტაზია არც აქ დააკლდებათ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მოუსმენს ოპოზიციას მათ მიერ შემუშავებულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით.
საუბარია საარჩევნო მოდელზე, რომელიც „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის.
„ჩვენ ბატონი ვაშაძისგან ველოდებით კანონპროექტს, სადაც ვნახავთ, გერმანულ მოდელზე ან მსგავსზე თუ იქნება საუბარი; სადაც არის 77 პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატი და 73 მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი დეპუტატი ან უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, სადაც ეწერება, რომ 77=150-ს. თუ ამაზეა საუბარი, მოვუსმენთ მათი ლოგიკა და ფანტაზია სადამდე წავა, ამასაც ვნახავთ. თუ სხვა მოდელზეა საუბარი, ამასაც დიდი სიამოვნებით მოვუსმენთ და დარწმუნებული ვარ, ფანტაზია არც იქ დააკლდებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო მოდელი შეიმუშავეს, რომელიც მათი ინფორმაციით, მზად არის პარლამენტში ინიცირებისთვის. „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს და უპირატესობა აქვს პროპორციულ სისტემას, ეფუძნება გერმანულ მოდელს, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას.