მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას დაზეპირებული აქვს ფრაზა „გაყალბებული არჩევნები“, რასაც ზერელედ ამბობენ, ამის მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ
ოპოზიციას დაზეპირებული აქვს ფრაზა – გაყალბებული არჩევნები და ფიქრობენ, რომ ამისთვის არგუმენტები აღარ არის საჭირო. ჩვენ მივდივართ პრაქტიკულად, ყველაფერზე, რაც კი შეიძლებოდა ჩვენიდან დათმობილიყო. მათი მხრიდან გვაქვს პიარის ჯიუტი ფორმა – არჩევნები გაყალბდა და აღარ აინტერესებთ, რატომ და როგორ მოხდა, ეს გამოსაძიებელია თუ – არა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე დღესვე დარწმუნებული იყო, რომ გაყალბების რაიმე მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენდა, რადგან სერიოზული დარღვევები და ხარვეზები არ ყოფილა.
„ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე დარწმუნებული ვიყავით, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების რაიმე მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენდა, რადგან სერიოზული დარღვევები და ხარვეზები არ ყოფილა. არჩევნების გაყალბების პრაქტიკები თავად ხომ აქვთ თავის დროზე, თავად მაინც გვითხრან, როგორ ხდება გაყალბება გაყალბების შემდეგ ხელმეორედ? მათი აზრით, კომისიებში მათი 11 ათასზე მეტი წარმომადგენლის ხელმოწერა თუ გაყალბდა, თქვან, ეს ადამიანები მიიყვანეს იძულებით და დაშინებით მოაწერინეს ხელი? – ამაზე პასუხს არ გვცემენ, რადგან იციან, რომ თავიანთი ლოგიკით ჩიხში არიან შესულები. პასუხი და არგუმენტები მათი მხრიდან არ გვაქვს, უბრალოდ ზედაპირულად და ზერელედ ამბობენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა. მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ, სწორედ ამ არგუმენტების გამო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.