მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას დავალებული აქვს, ბევრჯერ გამოიყენოს სიტყვა რუსული, დააბრალოს ხელისუფლებას პრორუსულობა, სინამდვილეში, თავად ებრძვიან ქვეყნის ევროპულ მომავალს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია არ მონაწილეობს ისეთი საკითხების განხილვაში, რომლებიც შეეხება ევრორეკომენდაციების შესრულებას.
მდინარაძის თქმით, ამის მიზეზი არის ოპოზიციის პროევროპულობის ფასადურობა და სინამდვილეში ისინი ებრძვიან ქვეყნის ევროპულ მომავალს.
„ჩვენს ოპოზიციას დავალებული აქვს, ბევრჯერ გამოიყენოს სიტყვა რუსული, რაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება, დააბრალოს მას პრორუსულობა და თვითონ დაიბრალოს პროევროპულობა, მაგრამ ამას ხელს უშლის ერთი მთავარი განგრძობადი მტკიცებულება. ისინი ძირითადად არასდროს იღებენ მონაწილეობას ისეთი საკითხების განხილვაში, რომლებიც შეეხება ევრორეკომენდაციების შესრულებას. მაგალითად, გუშინ დღის ბოლოს პლენარულ სხდომაზე განხილული იყო რამდენიმე საკითხი, რომლებიც შეეხებოდა ევრორეკომენდაცების კონკრეტულ პუნქტებს, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, არცერთი მათგანის განხილვას არათუ დათანხმებიან ან შეწინააღმდეგებიან, არც კი დასწრებიან. ამის მიზეზი არის მათი ევროპულობის და პროევროპულობის ფასადურობა. სინამდვილეში ისინი ებრძვიან ევროპულობას, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და ცდილობენ, საქართველოს და მის ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსული კურსი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.