მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას აქამდე შანსი ჰქონდა ნული და დღევანდელი დღით, ნულს ქვემოთ ჩავიდა
ოპოზიციას აქამდე შანსი ჰქონდა ნული და დღევანდელი დღით, ნულს ქვემოთ ჩავიდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძის თქმით, როდესაც ოპოზიცია არ არსებობს და ასეთ დროს ჩნდება შიდა რისკები, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ უდიდესი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა.
„ოპოზიციას აქამდე შანსი ჰქონდა ნული და დღევანდელი დღით ნულს ქვემოთ, თუკი რაიმე შეიძლება, მინუსებში პროცენტები განვსაზღვროთ, იქ შეიძლება, წავიდეთ. მთავარი, რომ ეს გადაწყვეტილება ამ საარჩევნო კუთხით პოლიტიკურად გაძლიერებას არ უკავშირდება, თავად ბიძინა ივანიშვილმა ამაზე ილაპარაკა, რომ დღეს მისი სიტყვები ყოველგვარი საარჩევნო კამპანიის გარეშე, უმრავლესობას მოიპოვებს მმართველი გუნდი, ამ რისკზე ისაუბრა და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავიდა მისი საუბარი. ბუნებრივია, ეს იყო აბსოლუტურად გულწრფელი გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, რას უკავშირდება რისკები, როდესაც ოპოზიცია ქვეყანაში აღარ არსებობს. ახლა დარწმუნებული ვარ სპეკულაციები იქნება, რომ შეეშინდა მმართველ გუნდს. არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემა საერთოდ არ არის. ეს მკაფიოდ და ხაზგასმით უნდა ვთქვათ. ამაზე ისაუბრა ბატონმა ბიძინამაც. როდესაც ოპოზიცია არ არსებობს და ასეთ დროს ჩნდება შიდა რისკები, უნდა გვახსოვდეს აუცილებლად, რომ უდიდესი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა.
ერთი მიმართულებით მშვიდობა და სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპაციის გზაზე სწორი სიარული, ევროკავშირის გზაზე სწორი სიარული, ეს ყველაფერი ერთად არის რთული მისია, ერთად შესასრულებლად და აქ ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით არის საუბარი და არა იმაზე, რომ ვიღაცას რაღაცის შეეშინდა, რისი სპეკულაციის მცდელობები უკვე არის“, – განაცხადა მდინარაძემ.