მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ რაიმე მიზეზი თუ არ გამოიგონა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მიღწეული იქნება
ოპოზიციამ რაიმე მიზეზი თუ არ გამოიგონა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას დახვეწილ, პროპორციულთან მიახლოვებულ და სამართლიან სისტემას სთავაზობს.
„თუ ოპოზიციამ არ გამოიგონა რაიმე მიზეზი, რომელიც შეიძლება უარის თქმის საფუძვლად გამოდგეს, უნდა იყოს მაშინ აბსურდული მიზეზი, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება. სხვა შემთხვევა არ არსებობს, სხვა ფაქტი ვერ დადგება და შედგება, გარდა იმისა, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, იმდენად დახვეწილი, პროპორციულთან მიახლოვებული და სამართლიანი სისტემა იქნა მოფიქრებული მმართველი გუნდის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ცოტა პასუხისმგებლობას გამოიჩენს ოპოზიციური სპექტრი, რომ შეთანხმება შედგა, მაქსიმალური ვადა არის 9 მარტამდე. თუ ისინი არ წამოვლენ ამაზე, მაშინ მოუწევთ განმარტების მიცემა საზოგადოებისთვის, რატომ თქვეს უარი რამდნეიმეგვარ დამზღვევ მექანიზმზე, რაც გამოირცხავს იმ წუხილს, რომელიც მათ გაახმაურეს ბოლო დღეებში“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.