მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ ორი დღე ვერ მოითმინა, თან ეშინოდათ თეა წულუკიანთან პოლემიკაში შესვლის, ეს არ იყო სპონტანური, არავინ დაიჯეროს, ეს იყო წინასწარ დადგმული
ორი დღე ვერ მოითმინეს, თან ეშინოდათ თეა წულუკიანთან პოლემიკაში შესვლის, ეს არ იყო სპონტანური, არავინ დაიჯეროს, ეს იყო წინასწარ დადგმული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი არის დაგეგმილი და ძალიან საშიში პროვოკაცია.
„სუს-ის ორი დღის წინანდელი ინფორმაცია ალბათ გახსოვთ, სადაც, რაც არ მომხდარა და რაც არ უცდიათ, არაფერი ისეთი ახალი არ იყო. დღეს დაიწყეს უკვე ადუღება, ამისთვის მზადება, ორი დღე ვერ მოითმინეს, თან ეშინოდათ თეა წულუკიანთან პოლემიკაში შესვლის. ეს არ იყო სპონტანური. არავინ დაიჯეროთ, რომ ასეთი რაღაცები სპონტანურად ხდება. ტრიბუნასთან გაშლილი რაღაც ამაზრზენი ბანერი. გარეთ რომ ჩხუბში შეიტყუებენ დეპუტატებს, ქალები რომ გარბიან, რაღაც ტრაფარეტებს და დროშებს შლიან, ეს ხომ შემთხვევითი არ არის, გამზადებული, დაბეჭდილი იყო, ანუ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად, დაგეგმილად ხდება.
დაიწყო დუღილი იმ რაღაც საქართველოსთვის დამაზიანებელი და ამაზრზენი მესიჯით, რომ აქ რუსები არიან და რუსები მართავენ საქართველოს. ფარცხალაძის თემა არის გადმოგდებული თემა აბსოლუტურად მკვდარი ოპოზიციისთვის, რომ დღის წესრიგი შექმნილიყო და გაეცოცხლებინათ მკვდარი ოპოზიცია. რომ არა დასანქცირება, ამ დღეებში რაზე უნდა ელაპარაკათ?! ეს ყველაფერი არის დაგეგმილი და ძალიან საშიში პროვოკაცია. ნახეთ, როგორ აპარებენ მესიჯებს. ვაშაძემ როგორ შემოაპარა იარაღის მესიჯი. ისინი ასეთ პიარულ თავხედობაზე არიან გადასული“, – განაცხადა მდინარაძემ.